ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

ამაღამ, 3 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მინსკის რეისით ბელარუსში გაფრინდება. ხვალ იგორ კოკოშკოვის გუნდი მოგილოვოში ჩავა, იქაურ დარბაზში ივარჯიშებს და ზეგ, თბილისის დროით 19:30 ბელარუსის ნაკრებს შეერკინება. ეს იქნება პირველი დაპირისპირება იმ საპლეიოფო, ორრაუნდიანი შერკინებისა, რომელში გამარჯვებულიც A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა C ჯგუფში ასპარეზობა და მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსიც პირველი იყო თავის (B) ჯგუფში, მოედნის უპირატესობა მაინც ჩვენს მხარესაა. ეს მოხდა იმიტომ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდმა ბელარუსზე და კიდევ ერთ მის თანაბარქულიანზე, შვედეთზე უკეთესი ბურთებუს ბალანსი დააგროვა და საპლეიოფო კვალიფიკაციაში მონტენეგროს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
ასეა თუ ისე, საქართველოს მეტოქეა ბელარუსი, რომელთანაც ჩვენებს ორრაუნდიანი შეხლა ელით და პირველ მატჩს 5 სექტემბერს, ბელარუსის მომცრო ქალაქ მოგილოვოში მართავენ. კოკოშკოვის გუნდი, როგორც ვთქვით, ამაღამ მიემგზავრება ბელარუსში, ხოლო დღეს ნაკრებმა ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართა, სადაც მოთამაშეებმა კარსმომდგარი დაპირისპირებისა და მზადყოფნის შესახებ კომენტარები გააკეთეს.
 

 

 

 

 
ვიქტორ სანიკიძე: “მიზანთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ. საბრძოლო განწყობის ნაკლებობას არ ვუჩივით, დანარჩენი კი თამაშში გამოჩნდება. ბელარუსისა და ჩერნოგორიის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ, რომელშიც ბელარუსმა ოვერტაიმში წააგო. საკმაოდ ძლიერი გუნდია. ალბათ, შვედეთს არაფრით ჩამოუვარდება”.
 
გიორგი გამყრელიძე: “ძალიან სერიოზული ბარიერები გადავლახეთ და წინ გადამწყვეტი ბრძოლა გველის. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად ვართ. ბელარუსში მოსაგებად მივდივართ”.
 
ვლადიმერ ბოისა: “საკუთარ კედლებში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, ახლა სტუმრად გვიწევს თამაში. აბსოლუტურად განსხვავებული კონცენტრაციაა საჭირო და მგონი, ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა. შვედეთთან დაპირისპირების მერე მხოლოდ ერთი დღე დავისვენეთ და სამზადისი გავაგრძელეთ. განწყობა საბრძოლოა და სტუმრად აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ. საპასუხო მატჩში კი, გულშემატკივრების იმედიც გვექნება. ჩემი აზრით, ბელარუსთა ნაკრები შვედეთზე ძლიერია”.
 
ზაზა ფაჩულია: “ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ერთი წუთით მოდუნებაც კი შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს. მოედანზე ყველამ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ და რაც მთავარია, გუნდური თამაშით უნდა ვაჯობოთ მოწინააღმდეგეს. თუ დავუკვირდებით, ბოლო ორი წელი, საკლუბო პლეი ოფებში უკეთესად ვთამაშობდი ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ შეხვედრებში. იმედია, ეს ტრადიცია ნაკრებშიც გაგრძელდება”.
 
ტაირონ ელისი: “გადამწყვეტი თამაშები წინა ოთხზე უკეთესად უნდა ჩავატაროთ და A დივიზიონში გადავიდეთ. ბელარუსში მოსაგებად მივდივართ”.