ეროვნულმა ნაკრებმა “ტერმე ოლიმიას” დარბაზში ორსაათნახევრიანი ვარჯიში ჩაატარა (VIDEO)

ეროვნულმა ნაკრებმა “ტერმე ოლიმიას” დარბაზში ორსაათნახევრიანი ვარჯიში ჩაატარა (VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთიდან სლოვენიაში ჩასვლის შემდეგ პირველი ვარჯიში გამართა. რუანის რურნირიდან სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში დაბრუნებული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა მგზავრობის დღეს, 22 აგვისტოს დაასვენა და სადღეისოდ 2 ვარჯიში დაგეგმა, რომელთაგანაც პირველი, დილის ვარჯიში უკვე ჩატარდა.
დილის საუზმის შემდეგ ნაკრებმა „ტერმე ოლიმპიას“ კომპექსში შემავალ დარბაზს მიაშურა, სადაც საკმაოდ ნაყოფიერი – ორსაათნახევრიანი ვარჯიში ჩაატარა. მთავარი მწვრთნელი ნაკრების წევრებისგან მაქსიმალურ მზადყოფნას და ფიზიკურ გამძლეობას ითხოვს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე სხვა, გაცილებით დატვირთული გრაფიკია. თუკი წინა წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაშები 3-4 დღის ინტერველით იყო, ევრობასკეტზე 6 დღეში 5 თამაში გვაქვს და ამიტომაცაა, ნაკრების ვარჯიშების წლევანდელი გრაფიკი გაცილებით დატვირთული რომაა.
დღევანდელი ვარჯიში მრავალმხრივი იყო. კალათბურთელებმა მოთელვით დაიწყეს, შემდეგ მრავალნაირ – შეტევით და დაცვით კომბინაციებზე იმუშავეს, ფარში ისროლეს და ტრენაჟორებზეც ივარჯიშეს. ყველა მათგანი მაქსიმალურად დაიხარჯა. სრულფასოვნად არ ივარჯიშა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც არაფერი აღარ აწუხებს, თუმცა სრული დატვირთვით მის ვარჯიშს ექიმები ერიდებიან.
„თორნიკე შენგელია მწყობრშია, ტკივილი აღარ აწუხებს, მაგრამ სანამ გარანტია არ გვექნება, რომ მისი ტრავმა საბოლოოდ მოშუშებულია, სრული დატვირთვით მის ვარჯიშს ვერ გავრისკავთ. ხვალ შენგელიას კლინიკაში წავიყვანთ და დიაგნოსტიკას ჩავუტარებთ. თუკი პასუხი დამაკმაყოფილებელი იქნება, ის სრულფასოვან ვარჯიშზე გადავა, მსუბუქად კი დღესაც ივარჯიშა“ – განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.
ნაკრებს დღის მეორე ვარჯიში აქაური დროით 18:30 საათზეა დანიშნული.