თბილისის საერთაშორისო ტურნირი
საქართველოს ნაკრებმა თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფინალის სწორ მატჩში A დივიზიონის ბინადარი უკრაინა დაამარცხა და გამარჯვებულისთვის დაწესებულ თასსაც დაეუფლა. თუმცა ამ შემთხვევაში ტიტულს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს მოსამზადებელი მატჩები, ტურნირი კი ამხანაგური იყო – მთავარი ის შეჯიბრია, რომელიც 2 აგვისტოს იწყება, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.
თასის მოგებაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ნაკრებისთვის პროგრესია, რომელსაც თამაშიდან თამაშამდე უჩვენებს. თუკი კოკოშკოვის შეგირდებმა რუმინეთთან და ბელარუსთან ვერ გამოავლინეს საკუთარი ძალა, მძლავრ უკრაინასთან უფრო მობილიზებულად და შეთამაშებულად გამოიყურებოდნენ.
მართალია, ქართველებმა უკრაინელები ბოლო წამზე, ამერიკელი ტორინ გრინის უშორესი სამქულიანის წყალობით მოიგეს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ კოკოშკოვის გუნდი გამარჯვებას არ იმსახურებდა. საქართველო მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა, ჩვენების უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ კოკოშკოვმა სათადარიგოებსაც მისცა შანსი და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ წამოწევა იწყო, ისინი სათადარიგო სკამზე მყისიერად არ დააბრუნა.
ისიც სათქმელია, რომ ქართველები მატჩის უმეტეს წილს თამაშობდნენ ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის გარეშე, რომელსაც უკრაინელებთან შეტაკებისას კბილები დაუზიანდა და ჯერ მოედანი დატოვა, მერე კი საავადმყოფოში წაიყვანეს. საბედნიეროდ, საშიში არაფერია, მას კბილები გაუსწორეს და ორიოდ დღეშ სრული დატვირთვით ითამაშებს.
ტურნირზე მესამე ადგილი ბელარუსმა დაიკავა, რომელმაც რუმინეთი 10 ქულის სხვაობით დაამარცხა. ორგანიზატორებმა სამახსოვრო პრიზები ყველა გუნდს გადასცეს და პლუს ამას 5 ინდივიდუალური პრიზი იყო დაწესებული.
საუკეთესო დამცველი – ტორინ გრინი
საუკეთესო ფორვარდი – სერგეი გლადირი (უკრაინა)
საუკეთესო ცენტრი – ზაზა ფაჩულია
საუკეთესო ბომბარდირი – ვლად მოლდოვეანუ (რუმინეთი)
საუკეთესო მოთამაშე – მანუჩარ მარკოიშვილი
საბოლოო ცხრილი
საქართველო
3
3
0
231:217
6უკრაინა
3
2
1
236:218
5ბელარუსი
3
1
2
221:219
4რუმინეთი
3
0
3
201:243
3