უკრაინა 86:81 საქართველო
ძირითდი დრო: 74:74
22:22 14:15 13:20 25:17 12:7
საქართველო: ცინცაძე (28 წუთი, 14 ქულა, 6 პასი), ელისი, (30 წთ. 13 ქ. 5 მოხსნა), სანიკიძე (32 წთ. 3 ქ, 5 მ), ცქიტიშვილი (35 წთ. 24 ქ. 9 მ), უგრეხელიძე (23 წთ. 4 ქ. 5 მ) სათადარიგონი: გამყრელიძე (21 წთ. 6 ქ), ა. ბოისა (18 წთ. 3 ქ), შერმადინი (30 წთ. 14 ქ. 6 მ), ტუღუში (5 წთ), შენგელია (4 წთ), ბერიშვილი (2 წ)
უკრაინა: ზაბირჩენკო (10), რ. კრივიჩი (25), სილკოვსკი (2), ი. კრივიჩი (8), დროზდოვი (10), ლიშჩუკი (12), ონოფრიევი (4), აგაფონოვი (4), კრავცოვი (11), ივშინი, არაბაჯი
37 მოხსნები 46
11 პასები 11
15 დაკარგვები 21
14 ჩაჭრები 7
საქართველომ ჩააგდო 40-დან 14 ორქულიანი, 21-დან 11 ორქულიანი და 24-დან 20 საჯარიმო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბი იგორ კოკოშკოვის მეთაურობით დღეს პირველი მატჩი გამართა და კიევში, უკრაინის წინააღმდეგ დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 81:86 დამარცხდა.
ისევე როგორც ჩვენი ნაკრები, უკრაინელებიც ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადებიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი A დივიზიონში არიან და ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ, საქართველო კი, მოგეხსენებათ, B დივიზიონშია და ელიტაში ასანაცვლებლად ემზადება.
იგორ კოკოშკოვი და ნიკა ცქიტიშვილი
იგორ კოკოშკოვმა ჩვენი ნაკრების ძირითდი ბირთვი 4 აგვისტოს შეკრიბა და უკვე ათი დღის თავზე მათ პირველი სერიოზული გამოცდა მოუწყო უკრაინასთან მატჩის სახით. ქართველებმა ღირსეულად ითამაშეს ზედა დივიზიონში მყოფ მეტოქესთან და ბოლო წამებზე ცოტაც რომ გამართლებოდათ, გამარჯვებასაც იზეიმებდნენ.
კოკოშკოვის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ 8 ქულით იყო წინ და ბოლო წუთზეც დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ მასპინძლებმა ისეთი რამ მოახერხეს, კალათბურთში არცთუ ხშირად რომ ხდება.
ძირითადი დროის დამთავრებამდე 43 წამით ადრე საქართველო 6 ქულას იგებდა და გამარჯვებაც თითქმის განაღდებული ჰქონდა, მაგრამ დარჩენილ დროში უკრაინელთა ფორვარდმა როსტისლავ კრივიჩმა ორი სამქულიანი ჩაგვიგდო და თამაში დამატებით დროში გადაიზარდა. იქ კი მასპინძლებმა იძალეს და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით, 86:81 გაიმარჯვეს.
ვლადიმერ ბოისა სლოვენიაში, ახალ კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად იმყოფებოდა და ნაკრებს მატჩამდე ერთი საათით ადრე შეუერთდა. ამიტომაც კოკოშკოვმა ის დაასვენა და ხვალ უკრაინასთან მორიგ ამხანაგურ მატჩში ათამაშებს.
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
”თამაშს თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაკონტროლებდით, მხოლოდ ბოლო წამებზე მოვადუნეთ ყურადღება და თითქმის მოგებული მატჩი წავაგეთ. ბოლო წუთზე 2 დასანანი სამქულიანი მივიღეთ და დამატებით დროში გასამარჯვებლად ენერგია აღარ გვეყო. მართალია, ეს იყო მოსამზადებელი შეხვედრა, თანაც პირველი და შედეგს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ წაგება მაინც გულდასაწყვეტია, რადგან, როგორც ვთქვი, ჩვენ ის თითქმის უკვე მოპოვებული გვქონდა…
”ვერავის გამოვარჩევ, ყველამ ბოლომდე და სამაგალითოდ იბრძოლა. გუნდი პროგრესს განიცდის, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს. ბძოლისუნარიანობა ბიჭებს არ აკლიათ, მაგრამ ფიზიკურად და ტაქტიკურად ბევრი აქვთ მოსამატებელი. რაც მთავარია, სწორი მიმართულებით მივდივართ და მომავალ მოსამზადებელ მატჩებში ბიჭები კიდევ უფრო დაიხვეწებიან”.
დავით უსტიაშვილი, ეროვნული ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი:
”ფაქტობრივად მოგებული თამაში წავაგეთ, მეტოქემ ბოლო წამებზე გამოგვგლიჯა გამარჯვება. პირველი მატჩი იყო და ბიჭების ასეთ ბრძოლას ნაკლებად ველოდი. ყველა მობილიზებული იყო და თავის საქმეს კარგად ასრულებდა. გამოსარჩევია ნიკა ცქიტიშვილის თამაში, რომელმაც ფარზეც კარგად იმუშავა და 8 ცდიდან 4 სამქულაინი ჩააგდო. საერთოდ კი, ყველა მეფარემ კარგად წარმოაჩინა თავი. ვლადიმერ ბოისა თამაშამდე 1 საათით ადრე ჩამოვიდა და მოვერიდეთ მის დატვირთვას”.