ერთპიროვნულმა ლიდერმა თსუ-მ გაგრის ამრა ბრძოლაში დაამარცხა

ერთპიროვნულმა ლიდერმა თსუ-მ გაგრის ამრა ბრძოლაში დაამარცხა

საკალათბურთო სუპერლიგის მე-7 ტურის მორიგი მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა. ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და გაგრის ამრა შეხვდნენ. თსუ სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია, ამრას კი მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა, რაც ამ მატჩში ფავორიტის ვინაობას ხაზს უსვამდა. 

მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, მოედანზე გუნდებს შორის სხვაობა არ იყო. ამრა ტოლს არაფერში უდებდა ფავორიტად შერაცხულ თსუ-ს და ბოლო წამებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ნამატჩევს უნივერსიტეტელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, ნიკა მსხალაიამ განაცხადა, რომ თანაბარი თამაში იყო და შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, რომ მოვიგეთო.

საბოლოო ანგარიშში სხვაობა 2 ქულა იყო და ძნელია, თსუ-ს მწვრთნელს არ დავეთანხმოთ. ლუკა მაზიაშვილს ბოლო 2 სროლა რომ ჩაეგდო, ამრა ალბათ გამარჯვებას მიაღწევდა, მაგრამ 40 ქულის მიმთვლელმა გაგრელთა ლიდერმა გადამწყვეტ მომენტში ააცილა. დიახ, მაზიაშვილმა 40 ქულა მიითვალა და მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა, თუმცა თავის გუნდს მაინც ვერ უშველა. თსუ-მ საბოლოოდ 79:77 (სტატისტიკა) იმარჯვა. ამრამ მიმდინარე სუპერლიგაში მე-4 მარცხი იწვნია და ბოლო ადგილზეა, თსუ კი 7-დან 7 გამარჯვებით ერთპიროვნული ლიდერია.

გამარჯვებულებს 24 ქულით ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ულიდერა. 16 ქულა და 12 მოხსნა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა, 19 ქულა დევონტრე ტომასის ანგარიშზეა. ამრაში 40 ქულით მაზიაშვილი გამოირჩა, რომელსაც ასევე 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 პასი ჰქონდა. 12 ქულა დააგროვა ემანუელ ანსამ. 

სუპერლიგის მე-7 ტურია დასკვნითი მატჩი დღეს, გურჯაანში გაიმართება, სადაც სათამაშოდ ბათუმი ჩადის. რაც შეეხება ქუთაისში დაგეგმილ მატჩს ადგილობრივ გუნდსა და ვსა-ს შორის, გადაიდო და მოგვიანებით გაიმართება.