ისევ წარუმატებელი გამოდგა მორიგი ტური ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრებისთვის. სამიდან ერთის, ვლადიმერ ბოისას “მენორკა” პრიმერადივიზიონში მოთამაშე გუნდების კენტი ოდენობის გამო ისვენებდა, ხოლო ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადამ” სტუმრად “გრანადასთან” 63:71 წააგო, ხოლო ქართულად ნატურალიზებული ტაირონ ელისის “კახასოლი” შინ “პამესასთან” დამარცხდა – 69:74.
ცქიტიშვილი ხუთეულში იყო და მოედანზე საკმაოდ ბევრი, 30 წუთიც გაატარა, თუმც შედეგიანობით ვერ დაიკვეხნის. მართალია, ნიკას არა უშავდა ფარქვეშ თaმაშში და თავისიანთაგან ყველაზე მეტი, 8 მოხსნაც მიითვალა, მაგრამ სროლა არ წაუვიდა. ცქიტიშვილმა თამაშიდან ნასროლი 5 ბურთიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო და საბოლოოდ 3 ქულას დასჯერდა.
ტაირონ ელისი კი ამჯერად ვერ ამოვიკითხეთ “კახასოლის” სასტარტოთა შორის. საქართველოს ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი მოგვიანებით ჩაერთო თამაშში და მოედანზე მისთვის შეუფერებლად ცოტა, 16 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 8 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ელისმა 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, თუმც შორი მანძილიდან ხელი მოეცარა და 7 სამქულიანი მცდელობიდან მხოლოდ 2 მოათავსა ვალენსიელთა კალათში.
ნიკა ცქიტიშვილი მარკუს ჰაისლიპს დაედევნა