ესპანეთში ვლადიმერ ბოისას ოფიციალური დებიუტი შედგა

გუშინ ესპანურ პრიმერადივიზიონში პირველი ჩვენიანის დებიუტი შედგა. ვლადიმერ ბოისამ პირველსავე ტურში “ვივამენორკას” შემადგენლობაში ითამაშა, მისი გუნდი კი ესპანეთის ერთ–ერთ გრანდ “ტაუსთან” დაძაბულ ბრძოლაში 77:79 დამარცხდა.

ტაირონ ელისი
ბოისას ძირითადში არ დაუწყია, თუმცა მოედანზე პირველივე მეოთხედში შევიდა და მოედანზე მთლიანობაში 23 წუთი გაატარა. ვოვა ძირითადად დაცვაში იყო დაკავებული და ამიტომაც მისი მონაგარი სათამაშო დროსთან შედარებით მოკრძალებულია. ბოისამ 2 ქულა, 1 მოხსნა და ამდენივე პასი მოაგროვა. მან 2 ორქულიანი ცდიდან 1 ჩააგდო, ხოლო ორივე შორი სროლა აუცდა.
ასევე დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე წააგო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ქართულად ნატურალიზებული ამერიკელ ტაირონ ელისის “კახასოლმა”. სევილიელები სტუმრად “რიკო მანრესას” შეხვდნენ და 68:69 დამარცხდნენ. ელისმა 25 წუთში 15 ქულა და თითო მოხსნა–პასი მოაგროვა და ამ მაჩვენებლით ერთ–ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში.
მომდევნო ტურში, რომელიც 8–9 ოქტომბერს გაიმართება, ბოისას გუნდი სტუმრად “ბილბაოს” შეხვდება, ხოლო “კახასოლი” შინ “უნიკახას” მიიღებს.