ევროლიგა: “კანტუმ” ჯგუფის ლიდერი ქართველების დახმარებით დაამარცხა

ევროლიგა: “კანტუმ” ჯგუფის ლიდერი ქართველების დახმარებით დაამარცხა

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“ ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. კანტუელებმა თავისი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი, ესპანური „კახა ლაბორალი“ 71:68 დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. აქამდე ჯგუფში ერთბაშად 4 გუნდს 3 მოგება და ამდენივე მარცხი ჰქონდა და მათ შორის იყო „კანტუც“, ამ მოგებამ კი კანტუელები გვარიანად დააწინაურა.
 
შეხვედრა მეტად უცნაური სცენარით წარიმართა. პირველ მეოთხედში „კახა ლაბორალმა“ პირწმინდად დაჩაგრა მასპინძელი. მეორე და მესამე პერიოდებში „კანტუმ“ იმარჯვა დამაჯერებლად, ხოლო ბოლო ათწუთეულში კი კვლავ სტუმრები გააქტიურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე 21 ქულას აგებდნენ (43:64), ბოლო წუთზე მოგების რეალური შანსი ჰქონდათ. ბოლო წუთი მიმდინარეობდა და „კანტუს“ ლიდერობა ქულამდე იყო შემცირებული – 69:68. ბურთი სტუმრებს ჰქონდათ, შეხვედრის დასრულებამდე ათიოდ წამი რჩებოდა და შეტევის შედეგიანად დასრულების შემთხვევაში, გალიდერდებოდნენ კიდეც, თუმცა ანდრეა ჩინჩინარიმ ნემანია ბიელიცას ჩაუჭრა და სწრაფი შეტევა ნიკოლას მაცარინომ წარმატებით დაავირგვინა. შეხვედრაც აქ დასრულდა – 71:68.
 

 
ამ წარმატებაში თავისი წვლილი ქართველებმაც შეიტანეს. მარკოიშვილმა მოედანზე 21:25 წუთი გაატარა და მასპინძლებს 7 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა. მანუჩარმა 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
 
19:38 წუთს ითამაშა შერმადინმა, რომლის მონაგარიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება იყო. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. იტალიელთა მხრიდან საუკეთესო მოთამაშე ჯანლუკა ბაზილე გახდა, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 18 ქულას გამორჩა, “კახა ლაბორალის” ლიდერმა მირზა ტელეტოვიჩმა კი 24 ქულის მოგროვება შეძლო.
 
ამ მოგებით „კანტუ“ ჯგუფის ლიდერებს შეუერთდა. სამი კლუბი – „კანტუ“, „კახა ლაბორალი“ და „ფენერბაჰჩე“ A ჯგუფს თანაბარი ქულებით ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას მარკოიშვილ-შერმადინის გუნდი 7 დეკემბერს ესპანურ „ბილბაოსთან“ გამართავს.
 
ფენერბაჰჩე              4          3          559      549      10       11
კახა ლაბორალი       4          3          558      549      9         11       
კანტუ                       4          3          520      511      9         11
ბილბაო                     3          4          555      546      9        10
ოლიმპიაკოსი           3          4          533      540      -7       10
ნანსი                         3          4          561      591      -30     10