გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის დახმარებით იტალიურმა “კანტუმ” ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თელ ავივის “მაკაბი” 82:74 დაამარცხა. კანტუელები, რომლებიც ევროლიგის დებიუტანტები არიან, ჯგუფში მეორე ადგილზე აღზევდნენ და მეოთხედფინალში გასვლისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში არიან.
„მაკაბისთან“ მატჩში ქართველი კალათბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ. შერმადინმა 25 წუთი ითამაშა და 13 ქულასთან ერთად 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თანაგუნდელ ვლადიმირ მიკოვს ჩამორჩა.
მარკოიშვილი მოედანზე 28 წუთით იმყოფებოდა, მის ანგარიშზე 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა. მანუჩარის კოეფიციენტმა 16 შეადგინა, რაც შერმადინის შემდეგ კანტუელთაგან მესამე შედეგია. ქართველების გუნდს 3 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩში, რომელიც 9 თებერვალს გაიმართება, “კანტუ” კვლავ „მაკაბის“, ოღონდ თელ ავივში შეხვდება.
H ჯგუფი
ბარსელონა
3
0
230
197
33
კანტუ
2
1
221
217
4
მაკაბი
1
2
215
229
-14
ჟალგირისი
0
3
234
257
-23