გიორგი შერმადინმა ევროლიგის მორიგ ტურში 4 წუთი ითამაშა, მისმა „პანათინაიკოსმა“ კი ათენში მორიგი გამარჯვება მოიპოვა – მილანურ „არმანი ჯინსთან“ 80:68.
ქართველი ცენტრის კონკურენტს, ჩერნოგორიელ ნიკოლა პეკოვიჩსაც არ უთამაშია სასტარტო ხუთეულელის შესაფერისი დროით – მხოლოდ 15 წუთი დაყო მოედანზე და 16 ქულის მოპოვება შესძლო. აღსანიშნავია, რომ 15 წუთში მასზე 11–ჯერ დაჯარიმდნენ „არმანის“ კალათბურთელები და ჩერნოგორიელმაც 14–დან 10 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
შერმადინმა 4 წუთში მილანელთა კალათისკენ 4 ორქულიანი ესროლა და 2 მოათავსა. მან მეტოქის ფარზე 3 ბურთი მოხსნა, რასაც საკუთარზე მოპოვებული ერთიც მიაყოლა და მთლიანობაში 4 მოხსნა დაუგროვდა. შერმადინს ბურთი არ დაუკარგავს და ერთი ჩაჭრა გაახერხა.
„პანათინაიკოსს“ 5 მოგება აქვს 1 მარცხის წილ და მადრიდის „რეალთან“ ერთად D ჯგუფს ლიდერობს. მომდევნო საევროლიგო მატჩს ათენელები შინ 9 დეკემბერს რუსულ „ ხიმკისთან“ ჩაატარებენ.