ევროპის ჩემპიონატს ოლიმპიადის გამო მე-7 ადგილისთვის მატჩი დაამატეს

ევროპის ჩემპიონატს ოლიმპიადის გამო მე-7 ადგილისთვის მატჩი დაამატეს

ევროპის ჩემპიონატზე გათამაშების ფორმატი უმნიშვნელოდ შეიცვალა. უფრო სწორად, არსებულ ფორმატს 1 მატჩი დაემატა. აქამდე არ იგეგმებოდა და ახლა ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილისთვის მატჩიც გაიმართება, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ევროპის ზონიდან ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში არა 4, არამედ 5 ნაკრები იასპარეზებს.
ტოკიოში გამართულ ფიბა-ს ცენტრალური საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საკვალიფიკაციო შეჯიბრში ევრობასკეტ-2015-ის მესამე-მეშვიდე ადგილებზე გასული გუნდები (მესამე-მეექვსეს ნაცვლად) გადაერთვებიან, ჩემპიონი და ფინალისტი კი ოლიმპიური თამაშების საგზურებს ავტომატურად მიიღებენ.
ევროპის ჩემპიონატზე, 17 სექტემბერს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის საკვალიფიკაციო მატჩები ჩატარდება, 18-ში კი წაგებულები სწორედ ოლიმპიადის კვალიფიკაციაში გამსვლელი მე-7 საფეხურისთვის იბრძოლებენ.
უკვე ცნობილია, რომ რიოს თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრში მსოფლიოს 18 ნაკრები ჩაებმება, რომლებიც ექვსულებად გაიყოფიან, ჯგუფების 3 გამარჯვებული კი ბრაზილიაში გამგზავრების უფლებას მიიღებს.
სულ, ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში პლანეტის უძლიერესი 12 ნაკრები ითამაშებს, რომელთაგან სამის ვინაობა უკვე ცნობილია: მასპინძელი ბრაზილია, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი აშშ და ოკეანეთის 2015 წლის ჩემპიონი ავსტრალია.