დისკვალიფიკაციებით დასუსტებულმა “ჭიათურამ” სეზონის პირველი
გამარჯვება მოიპოვა. არჩილ გურულის გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა, რომელსაც
3 დისკვალიფიცირებული მოთამაშე აკლია, დღეს „სოხუმს“ 64:63 მოუგო.
სწორედ ამ გუნდების სათასო მატჩში მომხდარი ჩხუბის გამო აკლდათ
ჭიათურელებს სამი მოთამაშე. ჯემალ გურულს სეზონის ბოლომდე აქვს უქმობა
„გამოწერილი“, ხოლო ირაკლი დოლიძე და უჩა ხაჩიური 4 მატჩით არიან
დისკვალიფიცირებულნი. რაც შეეხებათ სოხუმელებს, მათაც ჰყავდათ 2 მოთამაშე დასჯილი,
მაგრამ მათ 4–მატჩიანი დისკვალიფიკაცია 20–წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებში
მოიხადეს.
ჰოდა, ასეთი შეთხელებული „ჭიათურა“ ბოლომდე დაუდგა „სოხუმს“ და
მისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. თავი და თავი ამ მოგების თეიმურაზ
თავამაიშვილია, რომელმაც 39 წუთი ითამაშა, 29 ქულა, 15 მოხსნა და 2 ჩაჭრა ისე
მოაგროვა, რომ ბურთი არ დაუკარგავს. გამარჯვების საჯარიმოებიც თავამაიშვილმა
ჩააგდო და საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ჭიათურელები 64:63 დააწინაურა. სირენის
თანხლებით ჩაგდებულმა გიორგი ტეტელაშვილის სამქულიანმა სოხუმელებს ვეღარაფერი
უშველა.
ჭიათურელებმა თამაში უხეიროდ კი დაიწყეს, მაგრამ მეორე მეოთხედიდან
გამოფხიზლდნენ და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. პირველი ათწუთეული სოხუმელებმა
16:12 მოიგეს, თუმცა ჭიათურელებმა მეორე ათწუთეულში 20:8 იძალეს და დიდ
შესვენებაზე 32:24 გალიდერდნენ. მესამე პერიოდში იმერლებმა კიდევ 2 ქულა წაამატეს
თავიანთ უპირატესობას და გადამწყვეტ ათწუთეულს დამშვიდებულნი შეხვდნენ.
სოხუმელებმა მატჩში გარდატეხის შეტანა მაინც მოახერხეს. მიუხედავად
იმისა, რომ მათ კაპიტანი და ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი სორდია 5 პერსონალურის გამო
გაუვარდათ, ბოლო წუთებში მაინც იძალეს და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს –
59:59. ეს დამთავრებამდე 1,25 წუთით ადრე ბუბა ბერიშვილმა სამქულიანით
გააკეთა. ის კი არა, ტეტელაშვილმა
საჯარიმოს ხაზიდან ქულით დააწინაურა სოხუმელები და აქ იყოჩაღეს სწორედ
ჭიათურელებმა. ჯერ თავამაიშვილმა ჩააგდო 2 საჯარიმო სროლა, შემდეგ დაცვაში
იყოჩაღეს იმერლებმა და სწრაფი გარღვევა მჭედლიშვილმა ზუსტი ორიანით დააგვირგვინა –
63:60. სოხუმელებმა შეტევაში ვერ იხეირეს და ბურთმოხელთებულ თავამაიშვილზე დაჯარიმდნენ. თემურმა 1 ჩააგდო და ამით თავისიანები
მიუწვდომელნი გახადა. დარჩენილ 5 წამში 4–ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება წარმოუდგენელი
იყო და ეს სოხუმელებმა ვერც მოახერხეს.
ტურის მესამე მატჩში კი ყველაფერი მალევე გადაწყდა. რუსთავულმა
„ენერჯი–ინვესტმა“ კოტე ტუღუშისა (31 ქულა) და ზვიად ბაბიაშვილის (27 ქულა)
შედეგიანი თამაშის წყალობით „სამედიცინო–აკადემია“ 106:60 გაანადგურა. უნდა
გამოვარჩიოთ ასევე რუსთაველთა კამერუნელი ლეგიონერი ჟოლივეტ ტუჯანი, რომელმაც 23
მოხსნა მიითვალა და ამას 14 ქულა, 5 პასი, 3 დაფარება და 3 ჩაჭრაც მიაბა და საკმაოდ
მომხიბვლელი სტატისტიკა გაიფორმა.