გამყრელიძის 15 ქულა და 8 პასი “მგლებს” არ ეყოთ

გამყრელიძის 15 ქულა და 8 პასი “მგლებს” არ ეყოთ

ლაშა გამყრელიძემ მორიგი ბარაქიანი მატჩი ითამაშა გერმანულ ბუნდესლიგაში, თუმცა მისი “მიტელდოიჩერი” მარცხისგან ვერ იხსნა. „მგლები“ შინაურ არენაზე გერმანული კალათბურთის ბოლო წლების ერთ–ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდ „სკაილაინერსს“ მასპიძლობდნენ და დაძაბულ ფინალში 74:76 წააგეს.
გამყრელიძემ „მიტელდოიჩერის“ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28 წუთში 15 ქულა, 8 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ლაშამ 3-დან 2 ორქულიანი, ორივე სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მსაჯებს კი 3 პერსონალური ფოლი დასტყუა.
საბოლოო ჯამში, ქართველმა გამთამაშებლის ეფექტურობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
მატჩის ბედი უკანასკნელ წამებზე გაირკვა. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ “მიტელდოიჩერი” 9 ქულით იგებდა, ბოლოსკენ ფრანკფურტელებმა უფრო იყოჩაღეს და 76:74 იმარჯვეს.
გამყრელიძის გუნდს 6 თამაშიდან 4 გამარჯვება და 2 მარცხი მოუგროვდა, თუმცა გერმანიის ბუნდესლიგის ლიდერთა შორის მაინც რჩება. 
 

ლაშა გამყრელიძე და ფანები