გერმანულ ბუნდესლიგაში პირველი მატჩი წააგო ლაშა (გიორგი) გამყრელიძის „გიოსენმა“. ჩემპიონატის საწყისი 3 მატჩის მოგების შემდეგ გიოსენელებმა ბუნდესლიგის კიდევ ერთ დაუმარცხებელ გუნდ „ოლდენბურგთან“ წააგეს – 67:74.
გამყრელიძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 7 ქულა, 3 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან თამაშიდან 5–ჯერ შეუტია ოლდენბურგელთა კალათს და 3 მათგანი ჩააგდო. პლუს ამას გამყრელიძემ 2–დან 1 საჯარიმოც მიითვალა და 7 ქულას დასჯერდა.
პირველი ტაიმის შემდეგ „გიოსენი“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა მესამე მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს, პერიოდი 22:12 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ ოლდენბურგელები გამარჯვებამდე მივიდნენ და ბუნდესლიგაში დაუმარცხებლები დარჩნენ, ხოლო გამყრელიძის „გიოსენმა“ პირველი მატჩი წააგო და პირველი ადგილიდან მე–3–ზე ჩამოქვეითდა.
მომდევნო მატჩს გამყრელიძის გუნდი შინაურ ქალაქში დღეს, 17 ოქტომბერს, ბოლო ადგილზე მყოფ ულმის „რატიოფარმასთან“ ჩაატარებს.