გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოთამაშე ნოდარ ჯორჯიკია.
ნოდარ ჯორჯიკია დაიბადა ქუთაისში 1921 წლის 15 ნოემბერს. კალათბურთის თამაში დაიწყო 1938 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწვრთნელ შალვა დიასამიძესთან.
1943-49 წლებში გამოდიოდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდში, ხოლო 1950-56 წლებში კი თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა. ამ გუნდების შემადგენლობაში ხუთჯერ (1944, 1946, 1950, 1953, 1954) იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ასევე მეორე (1945) და მესამე (1952) პრიზიორი, ორგზის (1950-51) სსრკ თასის მფლობელი და 1953 წლის გათამაშების ფინალისტი.
საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1947-1953) მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონატის ოქროს (1947), ოლიმპიური თამაშების ვერცხლის (1952) და მსოფლიო სტუდენტური თამაშების (1949) მედლები.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1956), წლების მანძილზე იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს რეფერენტი.
დაჯილდოვებულია წითელი ვარსკვლავის, საპატიო ნიშნის, ვახტანგ გორგასლის (III ხარისხი) და ღირსების ორდენებით.
სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა 1952 წელს.