გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

გიორგი შემადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. “ტენერიფე იბეროსტარის” ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში შეუჩერებელია და გასულ თვეში გამართულ 4 მატჩის ჯამში ის უკლებლივ ყველა მოთამაშეზე სარგებლიანი იყო. შესაბამისად, ლიგის ხელმძღვანელობამ ესოდენ საპატიო – თვის MVP-ის ტიტული ქართველ კალათბურთელს გადასცა, რომელსაც აღნიშნული პრიზი წინა სეზონში ორჯერ აქვს მოგებული.

ესპანურ ლიგაში, ოქტომბერში, გიორგი შერმადინის საშუალო მარგი ქმედების მაჩვენებელი 28.7 იყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა მისი თვის MVP-ად აღიარებისთვის. სწორედ ქართველის დიდი დამსახურებაა, „ტენერიფეს“ ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი რომ აქვს – 6 მოგება, 1 მარცხი. ოქტომბერში ჩატარებული 4 მატჩიდან გიორგისთვის ყველაზე შედეგიანი თავის ყოფილ გუნდ “უნიკახასთან” მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც მან 27 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან 8-დან 8 ბურთი ჩააგდო, ხოლო 7 საჯარიმოდან მხოლოდ 1 ააცილა. ამ 4 მატჩიდან ტენერიფელებმა ფუენლაბრადა, ხუვენტუდი და უნიკახა დაამარცხეს, ხოლო ბარსელონასთან დამარცხდნენ.

6 მოგებითა და 1 მარცხით “ტენერიფე იბეროსტარი” ესპანურ ლიგაში მე-2 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 8 ნოემბერს, შერმადინის გუნდი “რეალ ბეტისს” უმასპინძლებს. ხვალ კი, “ტენერიფე” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე იტალირ “სასარის” დაუპირისპირდება.