გიორგი ცინცაძე მაკედონიის საუკეთესო გუნდში გადავიდა

გიორგი ცინცაძე მაკედონიის საუკეთესო გუნდში გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე კარიერას მაკედონიის ბოლო წლების ჩემპიონ „სკოპიე აეროდრომში“ გააგრძელებს. ცინცაძემ გასული სეზონი უკრაინულ „დონეცკში“ დაიწყო და პირველი წრის შემდეგ ლიბანურ „ჩემპვილში“ გადაბარგდა. დღესდღეობით კი ის უგუნდოდ იყო და საქართველოს ნაკრებთან ერთად მაკედონიაში ყოფნისას იქაური კლუბის შემოთავაზებას დასთანხმდა.
ბოლო წლებია, სკოპიელებს შიდა ასპარეზზე ღირსეული კონკურენტი არ ჰყავთ. დედაქალაქელები უკანასკნელი 3 წელია დუბლს ასრულებენ ანუ მაკედონიის ჩემპიონატსაც იგებენ და თასის გათამაშებასაც.

ცინცაძესთან ერთად, “სკოპიემ” სლოვენიელი ცენტრი მარკო პაჯიჩიც გადაიბირა, გუნდში ასევე არიან სერბი უკანახაზელი ალეკსანდარ ცვეტკოვიჩი და მაკედონიის ნაკრების მოთამაშეები – გიორგი ჩეკოვსკი, ტოდორ გეჩევსკი და დამიან სტოიანოვსკი.
ისიც ვთქვათ, რომ მომავალ სეზონში “მზტ სკოპიე” შიდა ასპარეზის გარდა, ძალებს ადრიატიკის ლიგაშიც მოსინჯავს, სადაც მეტოქეებად სერბული, ხორვატული, ჩერნოგორიული, სლოვენიური, უნგრული, ბულგარული კლუბები ეყოლება.
ცინცაძე ამჟამად ლიტვაშია, სადაც ეროვნულ ნაკრებს 2 საკონტროლო მატჩი ელის 28 და 30 ივლისს.