გიორგი ცინცაძის 8 ქულა, 3 პასი და გამარჯვება რეიმსთან

გიორგი ცინცაძის 8 ქულა, 3 პასი და გამარჯვება რეიმსთან

გიორგი ცინცაძის ოფიციალური დებიუტი ფრანგულ გრაველინში შედგა. ქალაქ დიუნკერკის გუნდმა საფრანგეთის რობერტ ბუნსილის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალში „შალონ-რეიმსს“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 95:73 დაამარცხა.
გამარჯვებაში საკმაოდ სოლიდური წვლილი შეიტანა გიორგი ცინცაძემ. ქართველმა უკანახაზელმა 16 წუთი ითამაშა, თუმცა 5 პერსონალურის გამო, თამაშის დასრულებამდე 15 წამით ადრე მოედნიდან გასვლა მოუხდა. მოედანზე ყოფნისას ცინცაძე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მთლიანობაში 8 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მიითვალა.

გრაველინელებს ამერიკელმა ლეგიონერმა სტივ გრეიმ ულიდერა, რომელმაც 28 წუთში 26 ქულა მიითვალა და თავისიანებს მერვედფინალში შეუძღვა. ცინცაძის გუნდს მომდევნო მატჩი უკვე საფრანგეთის ჩემპიონატში ელის. პირველ ტურში, 2 ოქტომბერს დიუნკერკელები რუანს დაუპირისპირდებიან.