სერბეთის 16-წლამდელთა ჩემპიონატის მოგების შემდეგ გოგა ბითაძის „მეგა ლეკსი“ 18-წლამდელთა პირველობის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ფინალში გზა ვეღარ გაიკვლია. ბითაძის გუნდმა დიდი ბრძოლა გაუმართა სერბულ გიგანტ „ცრვენა ზვეზდას“, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ვერ მივიდა და 79:85 დამარცხდა.
ბითაძემ 11 ქულა დააგროვა, რასაც მატჩში უმეტესი 5 დაფარება მოაყოლა. „მეგა ლეკსს“ ახლა მე-3 ადგილის მოგების შანსი დარჩა. ბრინჯაოს ტიტულისთვის მეგალეკსელები „იაგოდინას“ დაუპირისპირდებიან, რომელიც თავის მხრივ ნახევარფინალში ბელგრადის „პარტიზანთან“ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ბითაძემ მიმდინარე სეზონი საქართველოში, კლუბ „ჰიუნდაიში“ დაიწყო და 3 თვის წინ გადავიდა სერბულ გუნდში. ის 16 წლისაა და უკვე 208 სანტიმეტრია. ბითაძე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ კალათბურთელად მიიჩნევა და საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო ქვეყანაში აგროვებს.