პოდგორიცეს “ბუდუჩნოსტმა”, რომლის ღირსებასაც 19 წლის ქართველი, გოგა ბითაძე იცავს, ადრიატიკის ლიგაში ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” წააგო. მატჩი ბელგრადში გაიმართა და მესამე პერიოდამდე პოდგორიცელებს არაფერი უჭირდათ. ბოლოსწინა მეოთხედში ბითაძის გუნდი 62:55 იგებდა, თუმცა ბოლო პერიოდი უშედეგოდ ჩაატარა და შეხვედრა 14 ქულით – 72:86 დათმო.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მართალია, პირველ ტაიმში შედეგიანი შეტევა არ ჰქონია, საბოლოოდ, 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 19:45 წუთში 4-დან 2 ორქულიანი, სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ნორის კოულს (21 ქულა) ჩამორჩა. ბელგრადელთა შემადგენლობაში შეუჩერებელი იყო ბერძენი ფორვარდი სტრატოს პერპეროღლუ, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.
“ბუდუჩნოსტს” 8 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ბითაძის ყოფილ კლუბ “მეგა ბემაქსთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს 6 იანვარს, შინ, ბოსნიურ“იგოკეასთან” ჩაატარებს.
სრული მატჩი:
ჰაილაითები: