გოგა ცეკვავა ქუთაისში გადავიდა

გოგა ცეკვავა ქუთაისში გადავიდა

ქუთაისელებმა პირველი წრის შემდეგ დიდი დანაკლისი განიცადეს. გუნდი
დატოვა და „არმიაში“ გადავიდა უკანახაზელი ბუბა ბერიშვილი. იმერულმა კლუბმა
ბერიშვილს შემცვლელი მოუძებნა – „ენერჯი–ინვესტის“ ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე
გიორგი ცეკვავა.

ცეკვავა ამ სეზონამდე იმდენად ვერ გამოირჩეოდა, როგორც მიმდინარე
ჩემპიონატში. „ენერჯი–ინვესტში“, რომელიც ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონია, მუდამ
უძლიერესი უკანახაზელები თამაშობდნენ. ახალგაზრდა ცეკვავა კი შეცვლაზე შედიოდა და
საკმაოდ კარგ გამთამაშებლადაც ჩამოყალიბდა. მან თავისი ძალა მიმდინარე სეზონის
პირველ წრეში დაამტკიცა, როცა „ენერჯი–ინვესტის“ წარმატებულ თამაშში აქტიურად
მონაწილეობდა.

ცეკვავა პირველ წრეში მოედანზე საშუალოდ 31 წუთს ატარებდა და 16
ქულას, უკანახაზელისთვის საკმაოდ ბევრ 6,4 მოხსნას, 3 პასს და 2,8 ჩაჭრას
აკეთებდა. ამ უკანასკნელ მაჩვენებელში ცეკვავა სუპერლიგაში მეორე იყო. მასზე მეტ
ბურთს (3,4) მხოლოდ სტუ–ელი ბექა ჩიკვილაძე ჭრიდა.

ცეკვავა უკვე მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც „ენერჯი–ინვესტი“ პირველი
წრის შემდეგ დატოვა. აქამდე რუსთაველებს ბექა წივწივაძე, ჟოლივეტ ტუჯანი (ორივე
შსს–ში წავიდა) და აკაკი დვალიშვილი (თსსუ) გამოაკლდნენ. „ენერჯი–ინვესტმა“,
რომელსაც, სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემები აწუხებს, 4 მოთამაშის დაკარგვის ფონზე
ერთადერთი კალათბურთელი შეიმატა – რუსთავში გამოზრდილი, პირველ წრეში „სოხუმის“
შემადგენლობაში მყოფი ზურაბ თვარაძე. ამ უკანასკნელს კონკურენციის გამო სოხუმელთა
რიგებში არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.