ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა კრახი განიცადა. “გოლდენ სტეიტმა” “ოკლაჰომა თანდერს” უმასპინძლა და წარმატების მცირედი შანსიც რომ არ ჰქონია, ისე წააგო – 105:125. ოკლენდელებმა პირველი პერიოდი 30:42 დათმეს და ამის შემდეგ სხვაობა 10 ქულას არ ჩამოსცდენია. რასელ ვესტბრუკმა და პოლ ჯორჯმა ზეშედეგიანი თამაშის წყალობით “ოკლაჰომას” ხმაურიანი გამარჯვება მოაპოვებინეს.
ზაზა ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 2 ქულას და ამდენივე მოხსნას დასჯერდა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 1-ჯერ დაკარგა. ყოფილმა ოკლაჰომელმა სუპერვარსკვლავმა კი შედეგიანად ითამაშა, მაგრამ კევინ დიურანტის 33-მა ქულამ მასპინძლებს ვერაფერი შვება მისცა. სტეფ კარიმ 21 ქულა მოაგროვა, ხოლო დრეიმონდ გრინი მატჩის ბოლო პერიოდში მოედნიდან გააძევეს.
“გოლდენ სტეიტს” 41 მოგების წილ 13 მარცხი აქვს და ლიდერია. მდევარ “ჰიუსტონის” მოგებ-წაგებების შეფარდება კი 39-13-ს შეადგენს. მომდევნო შეხვედრა ოკლენდელებს 9 თბერვალს, კვლავ შინ, ფაჩულიას ყოფილ გუნდ “დალასთან” აქვთ.