ესპანურ პრიმერადივიზიონში გამარჯვებას მიაღწია ქართულპასპორტიანი ამერიკელების გუნდმა „გრან კანარიამ“. კუნძულელებმა „ხუვენტუდს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 77:71 დაამარცხეს, თუმცა უმეტეს მატჩებში წარმატებული მარკიზ ჰეინსი და ტორინ გრინ ამჯერად შედარებით ინერტულები იყვნენ.
ბურთით მარკიზ ჰეინსი
ორივე ქართულპასპორტიანი ამერიკელი სასტარტო ხუთეულში იყო. მარკიზ ჰეინსმა 14:30 წუთი ითამაშა და მოედანი 3 ქულით, 2 პასით და 1მოხსნით დატოვა. მარკიზმა 3 სამიანი და 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო 4 საჯარიმო სროლიდან 3 ჩააგდო.
გრინმა მეტ ხანს ითამაშა: 17:21 წუთში მხოლოდ 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჰეინსის დარად გრინმაც 3 სამქულიანი და 2 ორიანი ააცილა, საჯარიმო კი არ უსვრია. კანარიელებს მიქაელ ბრამოსმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა, ხოლო სპენსერ ნელსონმა და ხუან პალაჩიომ 14–14 მოინაგრეს.
ამ გამარჯვებამ „გან კანარია“ მე–12 ადგილზე აღაზევა. კუნძულელებს 9 შეხვედრიდან 3 მოგება აქვთ. მომდევნო შეხვედრას ჰეინს–გრინის გუნდი კატალონიაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ 4 დეკემბერს გამართავს.