გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა

გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა

პირველ წრეში 10 მატჩიდან 10-ივე წაგება და მეორე წრეში სამიდან სამივე მოგება. ეს გახლავთ გურჯაანის დელტას მონაგარი, რისი წყალობითაც კახური გუნდი უიმედო აუტსაიდერიდან მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე გუნდად იქცა. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა დელტამ ისევ იმარჯვა და ამჯერად ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდთან. მეორე წრე რაც დაიწყო, გურჯაანელებმა სტუმრად ბათუმი დაამარცხეს, შემდეგ შინ კსუ-კავკასიას სძლიეს, ახლა კი ვსა-საც მარცხი აგემეს.

გურჯაანელებმა ვსა-ს დაძაბულ ბრძოლაში – 73:68 (სტატისტიკა) აჯობეს. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან გურჯაანელები იგებდნენ, შემდეგ ვსა დაწინაურდა, თუმცა ანგარიშში სხვაობა დიდი არ ყოფილა და ბოლო წუთებზეც შეხვედრის ბედი გაურკვეველი იყო. 

როგორც ბოლო მატჩებში, გურჯაანელებმა ამჯერადაც მეტი ბრძოლისუნარიანობა და კონცენტრაცია გამოავლინეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვსა-ს მოთამაშეებს ბოლო წუთებზე არ გაუმართლათ – სროლების უმეტესობა ააცილეს და დელტამაც ბოძებული შანსი გამოიყენა. გამარჯვებამდე მივიდა და ბოლო ადგილს, როგორც იქნა, თავი დააღწია. 

ამ მოგებით დელტამ რუსთავს გადაასწრო, რომელიც დღეს გათამაშების ლიდერ თსუ-ს მასპინძლობდა. რუსთავი ფეთქებადი გუნდია, ნებისმიერ მეტოქეს უძალიანდება და მატჩის მსვლელობისას ხშირად დიდ ჩამორჩენასაც აბათილებს, თუმცა დასკვნით მომენტში ვეღარ ყოჩაღობს და ასეთი სცენარით თამაშს თამაშზე აგებს.

ასე იყო ამჯერადაც. თსუ უპირობო ფავორიტი გახლდათ, რომელმაც ხელჩასაჭიდი ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა, მაგრამ რუსთაველებმა გაუთანაბრეს. უნივერსიტეტელები მატჩის შუაწელში კიდევ გალიდერდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ამჯერადაც მოახერხეს გაბათილება და წინაც გავიდნენ. თსუ-მ ჩამორჩენა არ შეიმჩნია, დასახულ გეგმას მიჰყვა და ლიდერობა მალევე დაიბრუნა. ეს უპირველესად ალექსანდრე ფევაძის დამსახურებაა, რომელიც ჩინებულ ფორმაშია და უნივერსიტეტელებს გასულ მატჩებში ლიდერობს.

ამჯერად ფევაძემ 24 ქულა და 7 პასი დააგროვა. მან ფარში თითქმის უშეცდომოდ ესროლა – 9-დან 8 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო. ბოლო პერიოდში თსუ მასპინძლებს 10 ქულაზე მეტით გაექცა და თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. რუსთაველთაგან 26 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით მონტეს მატისი გამოირჩა. თსუ-მ საბოლოოდ 89:82 (სტატისტიკა) იმარჯვა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა.

მესამე შეხვედრაში კსუ-კავკასიამ ბათუმს უმასპინძლა. ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ იყვნენ და შესაბამისად მოპოვებულ გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მაყურებელი დაძაბულ მატჩს ელოდა, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში შედგა, რომელმაც ქულა-ქულაში ჩაიარა და დიდი შესვენებისთვის კავკასიელთა ერთქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა – 42:41.

ბევრისთვის მოულოდნელად, გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა, რომელიც ბათუმელებმა 29:16 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 12 ქულით დაწინაურდნენ. ეს იყო და კსუმეტოქეს ვეღარ მიუახლოვდა. მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ ბათუმმა 90:78 (სტატისტიკა) იმარჯვა და მიმდინარე სუპერლიგაში მე-7 მოგება გაიფორმა. 

მე-14 ტური კვირას, ტყიბულში დასრულდება სადაც ორბი გორის ივერიონს უმასპინძლებს. შემდეგ, 6 მარტამდე სანაკრებო პაუზა გამოცხადდება.