მარკიზ ჰეინსის „გრან კანარია“ აღარ ხუმრობს. ბოლოსწინა ტურში კანარიელებმა „ბარსელონა“ ორმაგ ოვერტაიმში დაამარცხეს, დღეს კი კუნძულელებმა სტუმრად „ხუვენტუდიც“ დაამწუხრეს. პირველი ტაიმის 4 ქულით წაგების შემდეგ „გრან კანარიამ“ მოახერხა მობილიზება და საბოლოოდ 81:73 გაიმარჯვა.
გრინი (00) თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს
ქართული პასპორტის მქონე მარკიზ ჰეინსი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ამერიკელმა უკანახაზელმა 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და საკუთარ გუნდში სარგებლიანობის კოეფიციენტით ორ კალათბურთელს ჩამორჩა. ჰეინსმა 3–დან 1 ორქულიანი, 5–დან 2 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო მიითვალა.
კანარიელებს 10 მოგება და 15 წაგება აქვთ და პრიმერადივიზიონის ცხრილში კი მე–14 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს „გრან კანარია“ 25 მარტს, შინაურ არენაზე „ფუენლაბრადასთან“ გამართავს.
რაც შეეხება „გრან კანარიიდან“ თურქულ „ტოფაშში“ გადასულ კიდევ ერთ ქართულპასპორიან ამერიკელს“ ტორინ გრინს გასულ ტურში არ უთამაშია. სავარაუდოდ, გრინს ტრავმა აწუხებს. ბურსელებმა კი დღეს გამართული შეხვედრა სტამბოლში „ეფესთან“ უიმედოდ – 58:70 წააგეს.