ევროლიგის ტრიუმფატორი, რიკი ჰიკმანის „მაკაბი“ ისრაელის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. თელავიველებმა ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი 97:75 მოუგეს ეილათის „ჰაპოელს“ და საერთო ანგარიშით 2:1 დაწინაურდნენ.
ქართული პასპორტის მქონე ჰიკმანი სასტარტო ხუთეულში იყო და 28 წუთის განმავლობაში 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 5 პასი დააგროვა. ჰიკმანმა 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მაკაბის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს კიდევ ხუთმა კალათბურთელმა უწია, რომელთა შორისაც საუკეთესო სოფოკლის შორცანიტისი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა მოინაგრა.
საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსი“ 2:1 დაწინაურდა. პირეოსელებმა „პანათინაიკოსის“ დამარცხება ათენში მოახერხეს (69:64), რითაც მეტოქეს მოედნის უპირატესობა აართვეს.
სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
პლეი ოფი დაიწყო ესპანეთში, სადაც ბექა ბურჯანაძის „კახასოლი“ მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში „ვალენსიასთან“ 54:84 განადგურდა. ქართველმა ფორვარდმა 7 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 ქულით და 2 მოხსნით დაასრულა.