ჰიკმანის 9ქულა, 9 პასი და წაგება მილანში

ჰიკმანის 9ქულა, 9 პასი და წაგება მილანში

რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” ლოგიკური მარცხი განიცადა მილანში, “ემპორიო არმანისთან”, რის შემდეგაც ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
თელავიველებმა 2 დღის წინ ისეთი მატჩი მოუგეს მილანელებს, რომ იტყვიან, მოგება ჯიბიდან ამოაცალეს. ცხადზე უცხადესი იყო, რომ “ემპორიო არმანი” ზედიზედ მეორე მატჩს შინ არ დათმობდა და ასეც მოხდა. მილანელებმა საკმაოდ იოლად – 91:77 იმარჯვეს, თუმცა სერიაში მოედნის უპირატესობა თელავიველების მხარესაა.
საქართველოს პასპორტის მქონე ჰიკმანმა 30:55 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რიკიმ 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 9 ქულას ჰიკმანმა მატჩში უმეტესი 9 პასი და 4 მოხსნაც მოაყოლა. საერთო სარგებლიანობით იგი მხოლოდ კერტის იერილისს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 პასი დააგროვა.
სერიის მომდევნო 2 მატჩი 21 და 23 აპრილს თელ ავივში გაიმართება და წარმატების შემთხვევაში “მაკაბი” ოთხთა ფინალის საგზურს მოიპოვებს. თუკი გუნდები მოგებებს გაიყოფენ, მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა მილანში გაიმართება.