“ჰიუნდაი” წაგებით გალიდერდა

“ჰიუნდაი” წაგებით გალიდერდა

საახალწლო და საშობაო შესვენების შემდეგ განახლდა ასაკობრივი
ჩემპიონატები. 23 იანვარს, საქართველოს თასის ფინალამდე სპორტის სასახლეში სამი
20–წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა, რასაც ცხრილში გადაადგილებები მოჰყვა.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სტუ და ჩემპიონატში ყველა წაგების მქონე
„მაკაბი“ შეხვდნენ. შეხვედრა თანაბრად კი დაიწყო, მაგრამ ტექნიკოსთა უპირატესობა
მალევე გამოიკვეთა. ეს ზვიად დეკანოიძის დამსახურებით მოხდა, რომელმაც საბოლოოდ 28
ქულა მოაგროვა მაშინ, როცა დანარჩენ მის თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი, 9 ქულა,
ლევან გვანცელაძეს ჰქონდა.

სტუ–მ მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და მიმდინარე
ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო მატჩში პოტენციური ლიდერი თამაშობდა: ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ჰიუნდაის“
4–დან 4 გამარჯვება მოეპოვებინა და ამჯერად „სამედიცინოს“ ხვდებოდა. სერგო
იშხნელის დამოძღვრილ მედიკოსებს კი სამი მატჩიში 1 წაგება ჰქონდათ და სავარაუდოდ
ეს შეხვედრაც საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ…

მიუხედავად მედიკოსთა ერთ–ერთი ლიდერის, ტრავმირებული მერაბ
ბოქოლიშვილის არყოფნისა, „სამედიცინომ“ მყარად იპყრო მატჩის სადავეები და დიდი
შესვენებისთვის 11 ქულით დაწინაურდა. შედეგიანად ირჯებოდა კახა მუმლაძე, რომელმაც
ფარქვეშიდან არაერთი ბურთი ჩააგდო. შესანიშნავი იყო „ჰიუნდაის“ ფორვარდი ვასილ
ბერუაშვილიც (26 ქულა, 13 მოხსნა), თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ აუბეს
მხარი და მესამე მეოთხედში „სამედიცინოს“ უპირატესობამ 27 ქულას მიაღწია.

მიუხედავად ამისა, ჩერქეზიშვილის გუნდმა მაინც მოახერხა მედიკოსების
ანერვიულება და ბოლო წუთებზე მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, როცა საფინალო
სირენამდე 3 წუთით ადრე ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. თუმცა „სამედიცინომ“ ცოტაც
მოინდომა, კრიტიკული ეპიზოდი გადალახა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება
მოიპოვა.

ამ წაგებით მოპოვებული ქულა საკმარისი აღმოჩნდა, რათა „ჰიუნდაი“
გალიდერებულიყო. აქამდე პირველზე მყოფ „ქუთაისს“ ერთით მეტი, 5 მატჩი ჰქონდა
ჩატარებული და ამის ხარჯზე ლიდერობდა.

8–ქულიან „ქუთაისს“ წამოეწია გია ტეტელაშვილის „ნიკე“, რომელმაც
სპორტის სასახლეში გამართულ მესამე მატჩში შანსი არ დაუტოვა „სოხუმს“. გამარჯვებულთაგან თავი
ლუკა ჭოხონელიძემ (35 ქულა) გამოიჩინა, თუმცა არანაკლებ (თუ მეტი არა) შეეშველა
გუნდს „ნიკეს“ გამთამაშებელი გიორგი ტეტელაშვილი, რომელსაც უკვე მესამე მეოთხედში
სამმაგი დუბლი (16 ქულა, 11 მოხსნა, 11 პასი) ჰქონდა გაკეთებული. იგი მამამისს
(მწვრთნელ გია ტეტელაშვილს) მოედანზე აღარ გამოუყვანია, თორემ სტატისტიკაც ალბათ
გაცილებით შთამბეჭდავი ექნებოდა, რაკი სოხუმელები დეზორგანიზებულნი იყვნენ – ისინი
ხომ ამ მატჩში სათამაშოდ 6 კაცით მოვიდნენ.