ამხანაგური მატჩი. უტრეხტი. 1 აგვისტო
ჰოლანდია 81:74 საქართველო
18:25 18:10 20:14 25:25
საქართველო: ცინცაძე (33 წუთი, 18 ქულა, 4 პასი, 5 ჩაჭრა), ტუღუში (26 წ. 16 ქ), სანიკიძე (33 წ. 9 ქ. 6 მ), ვ. ბოისა (30 წ. 16 ქ. 5 მ), შერმადინი (22 წ. 4 ქ. 7 მ); გამყრელიძე (18 წ), ა. ბოისა (9 წ), მეტრეველი (11 წ. 5 ქ), თ. შენგელია (17 წ. 6 ქ. 5 მ)
2–ქულიანები: 36–დან 16
3–ქულიანები: 26–დან 10
საჯარიმოები: 19–დან 12
მოხსნები: საქართველო – 31, ჰოლანდია – 35
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც დათმო უტრეხტში ჰოლანდიის ნაკრებთან, თუმცა წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა, იგორ კოკოშკოვის გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მასპინძლებს და თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე შეხვედრა ბოლო წუთებზე 7 ქულით დათმო.
პირველი მეოთხედი ქართველებმა დამაჯერებლად მოიგეს, თუმცა მეორეში მეტოქემ გაილაღა და დიდ შესვენებაზე მასპინძლები ქულით გალიდერდნენ. ჰოლანდიელებს განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდათ ფარქვეშა თამაში, მათი ცენტრები – ვან პაასენი და ჰენკ ნორელი საკმაოდ შედეგიანები იყვნენ.
მესამე მეოთხედი ჰოლანდიელებმა 20:14 მოგვიგეს და გადამწყვეტ პერიოდს 7–ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, თუმცა ქართველებმა მოახერხეს მეტოქესთან 2 ქულით მიახლოვება, მაგრამ მასპინძელთაგან უმალ სამქულიანი მიიღეს და კონცენტრაცია დაეკარგათ. ბოლო მეოთხედის დასაწყისში 5 პერსონალურის გამო მოედნიდან გავარდა გიორგი შერმადინი, ხოლო თორნიკე შენგელიამ ფეხი გადაიბრუნა და თამაში ვეღარ გააგრძელა. ეს კი ისედაც შესუსტებული საქართველოსთვის მეტისმეტი დანაკლისი აღმოჩნდა და საბოლოოდ ჰოლანდიელებმა 7 ქულით იმარჯვეს. ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ამ მატჩში 4 ძირითადი ხუთეულის მოთამაშე აკლდა – ფაჩულია, ელისი, ცქიტიშვილი და მარკოიშვილი.
დღეს რომ გათენდება, საქართველოს ნაკრები ავსტრიაში დაბრუნდება და იქ განაგრძობს მოსამზადებელ შეკრებას. 7 და 8 აგვისტოს იგორ კოკოშკოვის გუნდს ავსტრიელებთან ელის სპარინგ–მატჩები.
ვან პაასენმა ქართველებს 18 ქულა ჩაუგდო