თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა ასისტენტ კოტე ტუღუშთან და ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრეს-კონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან სამწვრთნელო შტაბის შეხვედრა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ გახსნა, რომელმაც მასმედიას ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა, სპარინგ-მატჩები დაუანონსა.
ვლადიმერ ბოისა: „საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა თითქმის მთლიანად შედგენილია. მცირე დეტალებია დარჩენილი, თუმცა საერთო სურათი უკვე გვაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ნაკრები 10 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ნაკრები თბილისში, საქართველოში მოთამაშე კალათბურთელებით 14 ივლისს თბილისში შეიკრიბება, ხოლო 24 ივლისიდან სლოვენიის კურორტ პოდჩეტრტეკში გენერალური შეკრება დაიწყება…
6 და 7 აგვისტოს სლოვენიაში ბოსნიასთან 2 ამხანაგურ მატჩს გავმართავთ, ხოლო 9-19 აგვისტოს თბილისში გავატარებთ, სადაც 14, 15 და 16 აგვისტოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებთან ერთად იტალია, ესტონეთი და ლატვია მიიღებენ…
19-დან 22 აგვისტომდე საფრანგეთში ვიქნებით, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან და ბელგიასთან ერთად საერთაშორისო ტურნირს ვითამაშებთ. 22-27 აგვისტოს ისევ პოდჩეტრტეკში გვექნება შეკრება, საიდანაც იტალიაში გადავინაცვლებთ და 28, 29 და 30 აგვისტოს იტალიასთან და კიდევ 2 ნაკრებთან ერთად, რომელთა ვინაობაც მალე გაირკვევა, საერთაშორისო, ამხანაგურ ტურნირში ვიასპარეზებთ“
იგორ კოკოშკოვმა ჟურნალისტებს ხანგრძლივი სიტყვით მიმართა. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მის ვიზიტზე ისაუბრა და დეტალურად გააცნო მასმედიის წარმომადგენლებს მისი სამუშაო გრაფიკი.
კოკოშკოვმა ისე ამომწურავად ისაუბრა, რომ ჟურნალისტებს ბევრი კითხვა არ დაუტოვა. და მაინც, ნაკრების მთავარ მწვრთნელს შემდეგი კითხვები დაუსვეს…
– ევროპის ჩემპიონატზე რა იქნება ჩვენი ნაკრების პროგრამა მაქსიმუმი?
– მიზანს თავად ჩვენ ვაწესებთ. რაც დრო გადის, მეტი და მეტი გვინდა და ეს პროგრესის შეუქცევადი პროცესია. გვახსოვს, როგორ რთულად გვეჩვენებოდა „ბ“-დან „ა“ დივიზიონში გადასვლა. შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, იქ ჯგუფური ეტაპის დაძლევა. ჩვენი ნაკრები წინ მიდის და მიღწეულზე არ ჩერდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი ჩვენი აქამდე ნაჩვენები შედეგებიდან თავისთავად გამომდინარეობს. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ უმთავრესი მიზანი პირველი თამაშის მოგებაა. გამარჯვებით ტურნირის დაწყებას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ასე იყო ლიტვაში, 2011 წელს, პირველ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბელგიას მოვუგეთ. შენდეგ 2013-ში, სლოვენიაში, როცა პოლონეთი დავამარცხეთ. ახლა მთავარი სამიზნე ჰოლანდიაა, რომელსაც პირვე მატჩში ვხვდებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის დასამარცხებლად.
– რას ფიქრობთ ნიკოლოზ ცქიტიშვილზე და ლაშა გამყრელიძეზე? ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობის აზრით ისინი ნაკრებში თამაშს იმსახურებენ…
– მე არასდროს მიმიღია პირადი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ჩვენს ნაკრებს ჰყავს სამწვრთნელო შტაბი და ყველა ნაბიჯი ერთმანეთთან შეთანხმებულია. არც არასდროს მიმიღია ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მე არ ვიწვევ ნაკრებში მოთამაშეს იმის გამო, რომ ის მომწონს, ან ზოგადად მაგარი მოთამაშეა. ყველაფერი ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია, ერთი მთლიანი სისტემაა და ამ სისტემას თუ არ მოერგება, ისეთ მოთამაშეს გუნდში ვერ დავუძახებთ. ნიკა ცქიტიშვილს მე ყოველი სეზონის წინ ვესაუბრები. როცა ის საჭირო იყო, ნაკრებში თამაშობდა. მის ადგილზე ახალგაზრდა თორნიკე შენგელია თამაშობს და ამის გამო ცქიტიშვილს სათამაშო დრო უმცირდებოდა. ჩვენი საუბრის შემდეგ მან თავად გადაწყვიტა, რომ საკუთარი კარიერისთვის ზაფხულში დასვენება უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ნაკრებში მცირე ხნით თამაში. ეს იყო გასული სეზონის წინ. მომავალ სანაკრებო სეზონამდე 5 თვეა. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. თუკი დადგება აუცილებლობა, ნაკრებში ცქიტიშვილსაც გამოვიძახებთ, გამყრელიძესაც და ნებისმიერ სხვა მოთამაშესაც.
– თქვენ დაესწარით 20-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს. რას იტყვით ეროვნული ნაკრების მომავალზე?
– მე სერბი ვარ და ვიცი, რომ ახალი თაობის გარეშე კალათბურთი ვერ განვითარდება. ჩემს სამშობლოში უდიდეს ყურადღებას უთმობენ ახალ თაობასთან მუშაობას და პერიოდულად ეროვნული გუნდიც ღირსეულ შევსებას იღებს. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც არიან მოთამაშეები, რომლებსაც კარგი პოტენციალი გააჩნიათ. ეროვნული ნაკრების დღევანდელი წევრები სულ ვერ ითამაშებენ. მათ შემცვლელი სჭირდება და ის აუცილებლად ახალი თაობიდან უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა, 20-წლამდელთა ნაკრები იქნება თუ 18, ან 16-წლამდელები, თუკი პერსპექტივას დავინახავთ, მის მქონე ახალგაზრდას ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად გამოვიძახებთ.
– აპირებთ თუ არა საქართველოში კიდევ ჩამოსვლას და სუპერლიგის მატჩებზე დასწრებას.
– ეს ძალიან კარგი იდეაა და არ გამოვრიცხავ, რომ ჩამოვიდე.
– თბილისიდან სტამბოლში მიემგზავრებით, სადაც რიკი ჰიკმანი თამაშობს. გეგმავთ მასთან საუბარს?
– სტამბოლის ფენერბაჰჩეს ჟელკო ობრადოვიჩი წვრთნის, რომელთანაც წლების მანძილზე ვმუშაობდი და მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს. სტამბოლში მას ვესტუმრები და რა თქმა უნდა რიკი ჰიკმანსაც ვნახავ. ის სახელიანი მოთამაშეა და შეუძლია საქართველოს ნაკრების დახმარება.