იმედიანი გამარჯვება

იმედიანი გამარჯვება

დღეს აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში 4 მატჩი გაიმართა, რომელთაგან
ყველაზე დაძაბული ბოლო, 16 საათზე დაწყებული შეხვედრა გამოდგა: „იმედმა“
საინტერესო ორთაბრძოლაში დაამარცხა „აკადემია–2“.

შეხვედრა ისე დაიწყო, რომ ვერც კი იფიქრებდით, რომ ამ მატჩს ასეთი
დაძაბული ფინალი ექნებოდა. ომარ ლებანიძისა და ნაირა შაკიაშვილის დამოძღვრილმა „იმედმა“
პირველი მეოთხედი 26:8 მოიგო, თუმცა მერე ისე მოეშვა, რომ ვასილ სომხიშვილის აკადემიელებმა
წამოწევა მოახერხეს. მესამე მეოთხეში „იმედის“ ლიდერობიდან ქულაღა დარჩა, მაგრამ
ბოლო წუთებზე იყოჩაღა გიორგი სალარიძემ, რომელმაც სწრაფი გარღვევებით ლიდერობა
განუმტკიცა იმედელებს. გურამ კენჭიშვილმა კი ზუსტად იმ მომენტში ჩააგდო
სამქულიანი, როცა მატჩის ბედი წყდებოდა. საბოლოოდ ლებანიძე–შაკიაშვილის გუნდმა
69:61 გაიმარჯვა და ორიდან ორი მოგებით პირველი ჯგუფის ლიდერია.

მეორე ჯგუფს კი „აკადემია–1“ ლიდერობს, რომელმაც დღეს ამბიციური „ორბი“
ძალიან იოლად დაამარცხა. ახალგაზრდა მწვრთნელის, ირაკლი ტომარაძის დამოძღვრილმა
აკადემიელებმა უკვე პირველ ტაიმში მოუთავეს საქმე ორბელებს. ბექა ნადირაძის და
ლერი კვანტალიანის ტანდემი შეუჩერებელი იყო. პირველმა 20 ქულა და 14 მოხსნა
მიითვალა, ხოლო მეორემ – 19 ქულა და 23 მოხსნა. ზვიად დიდბარიძის „ორბში“ კი
სანდრო ბოლქვაძე გამოირჩა – რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. მის
თანაგუნდელ 1994–წლამდელთა ნაკრების წევრ ლევან ლოლიშვილს კი 18 ქულა და 13 მოხსნა
დაუგროვდა.

მეორე ჯგუფში „აკადემია–1“–ის დარად 2 მოგება აქვს „ვარსკვლავებს“,
რომელმაც დღეს ზაზა გაბისონიას „მარნეული“ 75:62 დაამარცხა.

ბოლო შეხვედრაში კი „მართვემ“ „დინამო“ გაანადგურა, რაშიც ლომის წილი
მართველმა ოთარ ბულიავამ დაიდო 22 ქულითა და 21 მოხსნით.