ინდიანაპოლისში მოგებულ მატჩში ზაზა ფაჩულიამ 9 ქულა მოაგროვა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. „მილუოკი“ ინდიანაპოლისში „პეისერსს“ ესტუმრა და 87:81 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.
ფაჩულია სათადარიგო იყო და მთლიანობაში 20:21 წუთი ითამაშა. ზაზამ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულა მიითვალა და ამას 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 ჯარიმა მიიღო.
მილუოკელთა ძირითადმა ცენტრმა, ლარი სანდერსმა 23 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატოვა, თუმცა დაცვაში იყოჩაღა და 10 მოხსნას 3 დაფარებაც მოაყოლა. საუკეთესო კი ისევ ბრენდონ ნაითი გახლდათ 23 ქულითა და 7 მოხსნით.
2 მოგებისა და ამდენივე წაგების მქონე „მილუოკი“ მომდევნო მატჩს ხვალ „ჩიკაგოსთან“, საკუთარ „ბრედლი არენაზე“ გამართავს.