ერთ დღეს ატლანტა ჰოქსის წევრი ვიქნები
სულ მალე, კონკრეტულად კი 30 ოქტომბერს რუსთვაის “ენერჯი ინვესტს” ფიბას თასზე პირველ წრეში ჰოლანდიურ “ამსტერდამთან” პირველი, საშინაო შეხვედრა ელის. მატჩს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს, სადაც რუსთაველებს დიდი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ. აღნიშნული შეხვედრისთვის “ენერჯი ინვესტმა” სამი მოთამაშე დაიმატა. მათგან ერთ-ერთმა, სერბმა იოვან სტეფანოვმა დუდუ დადიანის სახელობის მემორიალზე კაგი თამაშით გამოიჩინა თავი და ფინალის უძვირფასესი მოთამაშეც გახდა, ხოლო კიდევ ორი ლეგიონერი კი გუნდს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდა. საუბარია უკანახაზელ ბელტონ რივერსსა და ცენტრ ანვარ ფერგიუსონზე. თუ ფერგიუსონმა სუპერლიგის პირველ ტურში “ვითას” წინააღმდეგ თავი მხოლოდ ეპიზოდურად გამოიჩინა, რივერსმა იმავე მატჩში ბევრი ეფექტური ფინტით, ზუსტი საშუალო სროლებითა და მოკლედ, კარგი გამოსვლით ისახელა თავი.ბელტონი “ენერჯი ინვესტში” ლიდერად ეგრევე იქცა, ხოლო აღნიშნულ ინტერვიუში (რომლის ჩაწერაშიც მისი აგენტი, ლევან მიქელაძე დაგვეხმარა), რუსთაველთა ახალწვეული ბევრ საინტერესო ნიუანსზე საუბრობს.
– ბელტონ, პირველ რიგში, საქართველოს ჩემპიონატში, სუპერლიგაში წარმატებულ დებიუტს გილოცავთ.- დიდი მადლობა, დებიუტი ნორმალური მქონდა, თუმცა დამიჯერეთ, ამაზე გაცილებით კარგადაც შემიძლია თამაში.
– რატომ მაინცდამაინც საქართველო? სხვა შემოთავაზებები თუ გქონდათ?- კი, სხვა შემოთავაზებები ნამდვილად მქონდა, მაგრამ კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე. თანაც, დამატებითი მოტივაცია ევროპის თასზე თამაში იყო. არ მეგულება მოთამაშე, რომელიც ევროპის რომელიმე თასზე გამოსვლას მოტივირებული, მონდომებული არ შეხვდება.
– გქონდათ თუ არა წარმოდგენა ქართულ კალათბურთზე?- სიმართლე გითხრათ, არანაირი წარმოდგენა არ მქონია. ვიცოდი ისევ და ისევ ჩემი აგენტისგან, რომ საქართველოში სპორტის ამ სახეობას ყურადღებით ეკიდებიან, მაგრამ კონკრეტულად რომელიმე კლუბზე ან მოთამაშეზე ინფორმაციას არ ვფლობდი.
– არც ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი ან ვლადიმერ ბოისა გაგიგონიათ?- ფაჩულიას ვიცნობ კიდეც, მაპატიეთ, რომ გამომრჩა მისი მოხსენიება. ცქიტიშვილიც ვიცი. ბოისაც ევროპაში თამაშობს, არა? იტალიაში, თუ არ ვცდები?
– იტალიაში იყო, ახლა კი რუსეთშია. – რუსებს მაგარი ჩემპიონატი აქვთ.
– ადაპტაცია როგორ გაიარეთ?- ნორმალურად. საერთოდ, კომუნიკაბელური პიროვნება ვარ, იოლად ვეგუები უცხო გარემოს, ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად ავუღო ალღო ყველაფერს.
– ბელტონ, გამოკვეთილი მეორე ნომერი ხართ, თუმცა იმავე “ვითასთან” შეხვედრაში მომენტებში პირველი ნომრის ფუნქციებიც შეითავსეთ.- დიახ, გამოკვეთილი მეორე ნომერი ვარ, თუმცა სადაც მთავარი მწვრთნელი დამაყენებს, იქ ვითამაშებ. ჩენტრობა გამიჭირდება, სხვაგან კი, აგერ, აქ ვარ და გამომიყენეთ (იცინის).
– რა შეგიძლიათ თქვათ თანაგუნდელებზე?- როგორც ვიცი, “ენერჯი ინვესტიდან” საქართველოს ნაკრებში რამდენიმე მოტამაშე ირიცხება. ძალიან სწრაფია ჩვენი გუნდის ძირითადი ფლეიმეიქერი (გამყრელიძე), მომწონს მისი შემცვლელიც (ცეკვავა) და ბაბუ (ბაბიაშვილი). რაც შეეხება იოვან სტეფანოვს, მას იქამდეც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ მაღალი დონის მოთამაშე იყო. საერთო ჯამში, საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს.
– ევროპული საზომებითაც?- ალბათ, თუმცა ნუ ვიჩქარებთ და მოდით, “ამსტერდამთან” პირველ მატჩს დაველოდოთ.
– როგორ გგონიათ, გაივლით ჰოლანდიელებს?- აბა, რისთვის ჩამოვედი საქართველოში (იცინის)? სიმართლკე გითხრათ, ჰოლანდიელებზე არ ვფიქრობ. ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინო ოპტიმალური კონდიციები და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, ხოლო ჰოლანდიელებს კი თამაშში ხომ ისედაც ვნახავ, ჰოდა, ფიქრის დროც არ დამრჩება, ეგრევე მოედანზე შევაფასებთ ერთმანეთს.
– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი გუნდის ძლიერი მხარე?- მოდით, ერთი თამაშიდან გამომდინარე ნუ გამაცემინებთ პასუხს, რადგან ზედაპირულად ნათქვამი გამომივა. დაველოდოთ შემდეგ შეხვედრას და მერე, ალბათ, გიპასუხებთ. ისე კი, დაცვაში კარგათ ვთამაშობთ. ხომ იცით, ნებისმიერი შეტევა დაცვით, კარგი, საუკეთესო დაცვით იქყება და იმედი მაქვს, ჰოლანდიელბთან ორივე მატჩში ჩვენს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენთ.
– ბელტონ, როგორც ვიცით, რამდენიმე კვირის განმავლობაში “ატლანტა ჰოქსში” ისნჯებოდით. – კი, მართალია, “ჰოქსში” ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ჩემი მომდევნო მცდელობა, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ადგილის დამკვიდრებისა, უფრო წარმატებული ვარ. ატლანტაში ვარ დაბადებული და ჩემი სურვილი “ჰოქსის” შემადგენლობაში თამაშია. მჯერა, რომ ერთ დღეს (და რაც შეიძლება, მალე) ამ გუნდის წევრი ვიქნები.
– ატლანტაში ყოფნისას ზაზა ფაჩულიასთან ერთად თუ ივარჯიშეთ?- კი, სადღაც ორი კვირის განმავლობაში ზაზასთან ერთად ვვარჯიშობდი. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია და ჩემთის დიდი პატივი იყო მასთან და “ჰოქსის” სხვა წევრებთან ერთად ვარჯიში.
– ბელტონ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?- მიყვარს ვიდეო-თამაშები, ტელეფონზე საუბარი, ახალი ფილმების ნახვა, კიდევ ბევრი რამ. საერთოდ, ყველაფერი ახალი მხიბლავს. რა ვქნა, ასეთი ვარ.
– თქვენი კერპი ვინ არის?- როგორც ასეთი, კერპი არ მყავს, მაგრამ კალათბურთში ყველაზე მეტად ალენ აივერსონი მომწონს. არაჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელსაც არაფრის და არავისი არ ეშინია.
– მის გამო, ალბათ, “ნაგეტსს” გულშემატკივრობთ?- კი, ახლა “ნაგეტსსაც” ვქომაგობ, თუმცა ყოველთვის “დეტროიტის” ფანი ვიყავი. იქიდან მოყოლებული, “პისტონზსში” ტომასი, როდმანი, ლემბირი და რა თქმა უნდა, დუმარსი რომ იყვნენ.
– წელს ვინ გახდება ჩემპიონი?- “ენერჯი ინვესტი” (იცინის). ჩემი აზრით, ჩემპიონობის ფავორიტები “სან ანტონიო” და “დეტროიტი” იქნებიან. არ მომწონს “სპურსი”, მაგრამ ძალიან მაგრები არიან, “დეტროიტში” კი ჩემი მეგობარი, ჩონსი ბილაპსი თამაშობს. ასევე ვმეგობრობ “ჰოქსის” ფორვარდ ჯოშ სმიტთან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მაგარი ნახტომი აქვს და წელს საუკეთესო დამცველის პრიზიც უნდა მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი მაქვს.
– საუკეთესო ახალბედაც ჰოქსელი ხომ არ გახდება?- ელ ჰორფორდს გულისხმობთ?
– დიახ.- არა მგონია. გრეგ ოდენი რომ არ დამტვრეულიყო, ალბათ იგი გახდებოდა, ახლა კი ფავორიტი კევინ დიურანია.
– ბელტონ, დიდი მადლობა საუბრისთვის და წარმატებას გისურვებთ.- დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა შევპირდე “ენერჯი ინვესტის” ყველა ფანს, რომ ბელტონ რივერსი მოედანზე ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდმა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვოს. სანახევროდ საქმის მიტოვება არ მიყვარს. კაცმა თავისი გასაკეთებელი ყოველთვის ბოლომდე უნდა მიიყვანოს.