გამთამაშებლის გარდა, ყველაგან ვთამაშობ
დაიბადა: 1982 წლის 12 ივლისს.
სიმაღლე: 203 სმ.
წონა: 114 კგ.
I მწვრთნელი: ნიკო ჩრექეზიშვილი.
კლუბები: 1997-98 “ვითა”, 1998-99 თსუ, 2000 – ქუთაისი, მართვე, 2000 – “ვითა”, 2001 – სტუ-2, ვითა, 2002 – ქუთაისი, 2003 – სსუ, 2004 – “აზერი” (Aზერბაიჯანი), 2005 – “გალა” (Aზერბაიჯანი), 2006 – “ნდტ დევონი” (აზერბაიჯანი), 2007 – “თბილავიამშენი”, 2008 – “თბილავიამშენი”, 2008 – თსუ.
ჰობი: ცურვა, მანქანის ტარება.
კერპი: შიო ხეცურიანი.
დავით ბარბაქაძემ სუპერლიგის წლევანდელი სეზონი ლევან მოსეშვილთან, “თბილავიამშენში” დაიწყო, სადაც თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლეოდა, რის გამოც სეზონის მსვლელობისას იგი ნუგზარ ჭეიშვილის თსუ-ში გადავიდა, სადაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
საქართველოს თასის ნახევარფინალში, შემდეგ კი სუპერლიგის ერთ-ერთ მატჩში, ბარბაქაძემ საფინალო სირენასთან ერთად, “ენერჯი ინვესტს” ზედიზედ ორჯერ ჩაუგდო გამარჯვების მომტანი ბურთი და ეს მიუხედავად იმისა, რომ ორივეჯერ მას საკმაოდ მჭიდროდ მეურვეობდნენ. წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მოთამაშის კარიერაში, აღნიშნულ ინტერვიუში კი თსუ-ს წევრი მიმდინარე სეზონსა და ბევრ სხვა საკითხზე საუბრობს.
– მოდი, დავიწყოთ წლევანდელი სეზონის პირველი ნახევრით, როდესაც “თბილავიამშენში” იყავი.- გარკვეული მიზეზების გამო თამაში არ წამივიდა, მწვრთნელიც ამის გამო სულ უფრო იშვიათად მენდობოდა და ნელ-ნელა სათამაშო დრო სულ დავკარგე. შემეძლო ბევრად უკეთ და ნაყოფიერად მეთამაშა, თუმცა არ გამოვიდა. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე გუნდის გამოცვლა და საბოლოოდ, თსუ-ში გადავედი.
– სხვა გუნდში გადასვლის შანსი თუ გქონდა?- კი, ერთ-ერთ ვარიანტად პარალელურად “ვითაც” მიიჩნეოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს ტრანსფერი არ შედგა.
– თსუ-ში ახალ თანაგუნდელებთან საერთო ენის გამონახვა არ გაგჭირვებია?- არანაირად. თსუ-ს რამდენიმე მოთამაშესთან ერთად მანამდეც მითამაშია, და ასეც რომ არ ყოფილიყოს, თსუ-ში ყოველთვის გუნდური ინტერესები იდგა წინა პლანზე და აქედან გამომდინარე, აკლიმატიზაციამ იოლად ჩაიარა.
– “თბილავიამშენში” ძირითადად მძიმე ფორვარდად თამაშობდი, ახალ გუნდში კი გამთამაშებლის გარდა, ყველა პოზიციაზე გიწევს თამაში. არ გიჭირს?- არა, არანაირად. გამთამაშებლად ნამდვილად ვერ დავდგები, ხოლო იგივე ორ ნომრად რიგ მატჩებში არცთუ ცუდად ვითამაშე, თუმცა რა თქმა უნდა, ძირითადად, ფორვარდად ვთამაშობდი და აქედან გამომდინარე, თავს აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ.
– უფრო მძიმე თუ მსუბუქ ფორვარდად?- უფრო მსუბუქ ფორვარდად.
– თსუ-ში ამ ამპლუაში გამორჩეულად მანამდე არც არავინ იყო.- ირაკლი კეიდია თამაშობს სამ ნომერს, მიხეილ ფანჩულიძეც კარგი სამი ნომერია, ხანდახან გუნდის კაპიტანი შიო ხეცურიანიც ამ ადგილზე დგას, თუმცა რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ამპლუის შეცვლა ხშირად ბევრს გვიწევს ხოლმე.
– “თბილავიამშენში” თითქმის არ ისროდი ბურთს შორი დისტანციიდან, ახალ გუნდში კი ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ.- “თბილავიამშენში” ძირითადად ოთხ ნომერზე ვთამაშობდი და თანაც, იმ გუნდში გარედან მსროლელების დეფიციტი ნამდვილად არ ყოფილა. კოტე ტუღუში, ნოდარ ბერაია, გიორგი ნიკოლაძე, ბუბა კვიმსაძე, ირაკლი ხოშტარია სტაბილურად აგდებდნენ ბურთს შორიდან და მე ძირითადად ფარზე მუშაობა მევალებოდა.
– თსუ ხშირად თავიდანვე მთელს მოედანზე პრესინგს თამაშობს. არ გიჭირთ ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ასე თამაში?- კი, დამღლელია, თუმცა რასაც მწვრთნელი გვავალებს, იმას ვასრულებთ და თუ საბოლოო წარმატებისთვის ასეა საჭირო, პრესინგს ვითამაშებთ. სხვებზე მეტად, თამაშის მსვლელობისას, პრესინგს სწორედ ჩვენი გუნდი თამაშობს.
– შენი აზრით, თსუ-ს ჩემპიონობის რამდენად რეალური შანსი აქვს?- შანსი გვაქვს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ნახევარფინალში ვართ. “თბილავიამშენი” სერიოზული მეტოქეა, თუმცა თუ ამ გუნდმა ტრავმირებულები ვერ დაიბრუნა, მცირე უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება. ამ სერიას თუ მოვიგებთ, მერე უკვე ერთი სერიის მოგება დაგვრჩება ჩემპიონობამდე და ვნახოთ, რა და როგორ მოხდება.
– ვინ არის ფავორიტი?- რუსთავის “ენერჯი ინვესტი”, თუნდაც იმიტომ, რომ ეს გუნდი ფლეი ოფის მატჩების უმეტესობას საკუთარ დარბაზში ჩაატარებს. გიორგი გამყრელიძე, იოვან სტეფანოვი და ზვიად ბაბიაშვილი ნებისმიერ დროს დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და სხვებიც კარგად თამაშობენ. ამავე დროს, ამ გუნდის გამოგდებაც რეალურია. მთავარია, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ.
– შენი აზრით, ვინ არის ამ სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე?- ბევრ მოთამაშეს აქვს კარგი სეზონი. ტუღუში, გამყრელიძე, ფანჩულიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ნიკოლაძე, ვიქტორ სანიკიძე ძალიან კარგად თამაშობენ და საუკეთესოც, ალბათ, მათ შორის უნდა ვეძებოთ.
– საკუთარ თავზე რას იტყვი?- ალბათ, ეს სხვების გასარჩევია, თუმცა თსუ-ში გადასვლის შემდეგ ცუდი სეზონი ნამდვილად არ მაქვს.
– აზერბაიჯანის ნაკრებში შვიდი შეხვედრა გაქვს ჩატარებული, საქართველოს ნაკრებში კი ჯერჯერობით არცერთი.- ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია. თუ ნაკრების ხელმძღვანელობა დამიძახებს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ნაკრებში, ჩავალ შეკრებებზე და არაფერს დავიშურებ, რათა ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება მომეცეს. საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი, უკვე გამოცდილი შემადგენლობა ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ზედა დივიზიონში უნდა ავიდეთ.