ინტერვიუ დავით უსტიაშვილთან
მთავარია, შედეგი
წლევანდელ სეზონში წაუგებლად ასპარეზობს დავით უსტიაშვილის “ენერჯი ინვესტი”, რომელმაც უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე “თბილავიამშენის” დამარცხებით კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერის პოზიცია და ცხრიდან ყველა მატჩი თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული. წინა სეზონის ტრიუმფალურად დასრულების შემდეგ, გუნდი ძალიან ბევრმა მოთამაშემ დატოვა, თუმცა მიუხედავად ამისა, “ენერჯი ინვესტი” მაინც ლიდერია. გთავაზობთ ინტერვიუს დავით უსტიაშვილთან, სადაც იგი ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს.
– ბატონო დავით, მოდით, “ენერჯი ინესტისთვის” მთლიანად განვლილი 2007 წელი შეაფასეთ.
– რა თქმა უნდა, მთავარი ის იყო, რომ პირველად რუსთავის “აზოტის”, მოგვიანებით კი “ენერჯი ინვესტის” ისტორიაში გავხდით ჩემპიონები, რითაც მთელ ქალაქს, ჩვენი გუნდის უამრავ გულშემატკივარს, გუნდის ხელმძღვანელებს დიდი სიხარული მივანიჭეთ და მშვენიერი საჩუქარი გავუკეთეთ საკუთარ თავსაც. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მოვიგეთ ქორქიასა და საკანდელიძის მემორიალი და მთლიანობაში, ჩემი აზრით, საკმაოდ ნაყოფიერი, წარმატებული სეზონი გამოგვივიდა. გუნდი სუპერლიგის მიმდინარე ჩემპიონატშიც წარმატებულად, ჯერჯერობით წაუგებლად მიდის და ვეცდებით, თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. გამყრელიძეს, ლეჟავას, ცეკვავას, ჭოჭუას, ლიპარტელიანს, დვალიშვილსა და მაჭავარიანს თავიანთი ფუნქციები დაეკისრათ და მწვრთნელები ვცდილობთ, მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, არიან გამოცდილებიც, იგივე გოგობერიშვილი, ბაბიაშვილი, ბოისა, ტუჯანი და დაგვემატა იოვან სტეფანოვი, რომელიც ძალიან მაღალი დონის მოტამაშეა. ახალგარზდებისა და ვეტერანების თამაშის შეზავებით გუნდისთვის აუცილებელი თავდაჯერებისა და აქედან გამომდინარე, სასურველი შედეგის მომკობა არ გაგვჭირვებია და იმედი მაქვს, გუნდი თავის სახეს შეინარჩუნებს და კიდევ უფრო დახვეწავს იმ კომპონენტებს, სადაც პრობლემები გვექმნება.
– ორი სეზონის განმავლობაში საქართველოში გამართულ ყველა ტურნირზე თქვენი ხელმძღვანელობით, “ენერჯი ინვესტმა” მხოლოდ სამი შეხვედრა (წინა სეზონში ჩემპიონატსა და თასის ფინალში “თბილავიამშენთან” და წელს, დუდუ დადიანის სახელობის მემორიალზე “მაკაბისთან”) წააგო. იმ მატჩებს ხომ ვერ გაიხსენებდით და შეუძლია თუ არა თქვენს გუნდს უკეთ თამაში?
– “თბილავაიმშენთან” თასის ფინალში “ენერჯი ინვესტს” ჩავარდნა ჰქონდა და მეტოქემ დამსახურებულად დაგვამარცხა. ამის მერე იგივე გუნდთან უკვე ფსიქოლოგიური პრობლემები შეგვექმნა, გუნდი სათანადოდ ვერ განეწყო და “თბილავიამშენმა” ზედიზედ მეორედაც მოგვიგო. მერე და მერე გუნდი დალაგდა, ბევრი პრობლემატური სათამაშო ნიუანსი მოვაგვარეთ და იგივე “თბილავიამშენს” სუპერლიგის ფინალურ სერიაში სამიდან სამი მატჩი მოვუგეთ. რაც შეეხება “მაკაბის”, ეს ჩვენთვის სეზონის პირველი მატჩი იყო და აქედან გამომდინარე, მატჩის მსვლელობისას შეცდომები გარდაუვალი გახლდათ. არ გვყოლია ტუჯანი, ხოლო კიდევ ერთი მაღალი მოთამაშე, სტეფანოვი კი გუნდს შეხვედრის დაწყებამდე სამი საათით ადრე შეუერთდა და აშკარად გადაღლილი იყო. გარკვეულწილად გაგვიმართლა, რომ ჩვენს ჯგუფში იგივე “მაკაბი” შემდეგ თსუსთან დამარცხდა და საბოლოოდ, ჯგუფიდანაც გავედით და ტურნირიც ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. შეგვიძლია თუ არა უკეთ თამაში? კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ საამისოდ რაც შეიძლება ცოტა შეცდომა უნდა დავუშვათ და გუნდური კალათბურთი ვითამაშოთ.
– ორი სეზონის განმავლობაში ორი სხვადასხვა გუნდი გყავდათ. შარშანდელი ჩემპიონობის შემდეგ “ენერჯი ინვესტი” შვიდმა მოთამაშემ დატოვა და შევსება კი გაცილებით მწირი იყო. როგორ მოახერხეთ ასეთი დანაკლისის მიუხედავად, გუნდისთვის ლიდერის სტატუსისა და ასეთი თავდაჯერების შენარჩუნება?
– მართალი ხართ, ორი სეზონის განმავლობაში პრაქტიკულად, ორი სხვადასხვა გუნდით თამაში მოგვიხდა. შვიდმა მაღალი დონის, გამოცდილმა მოთამაშემ დაგვტოვა, თუმცა ვინც დაგვემატა და მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენთან ითამაშებს (ლეჟავა, ბაბაიაშვილი, სტეფანოვი), დიდი ძალაა და მათ გუნდის თამაში ნამდვილად გააძლიერეს. შარშანდელ გუნდს თავისი დადებითი და უარყოფითი ნიუანსები ჰქონდა და იგივეს თქმა წლევანდელ “ენერჯი ინვესტზეც” შეიძLება. ასე რო, მთავარია შედეგი და თუ ვინ მოიტანს ამ შედეგს, გადამწყვეტი ნიშვნელობა არ აქვს.
– შარშან “ენერჯი ინვესტის” უკანა ხაზში ძალიან ძლიერი ტანდემი, გიორგი გამყრელიძე და კოტე ტუღუში გყავდათ. წელს, როდესაც ტუღუში “თბილავიამშენშია”, ხომ არ გგონიათ, რომ ამით გამყრელიძეს მეტი სივრცე მიეცა, გაუჩნდა საკუთარ თავზე ინიციატივის აღების მეტი და უკეთესი შესაძლებლობა?
– არა, გამყრელიძე ინიციატივას საკუთარ თავზე შარსანაც იღებდა და ეს კარგადაც გამოსდიოდა. მისი მთავარი მოვალეობა ჩვენი გუნდის შეტევების ორგანიზაციაა, ხოლო თუ მეტოქე მას უმეთვალყურეოდ ტოვებს, თავისთვად, გამყრელიძე ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და სროლას არ დაახანებს. კოტე და გიორგი კარგად ავსებდნენ ერთმანეთს, წელს კი გამყრელიძეს ამისი გაკეთება სხვებთან ერთად უწევს.
– “ენერჯი ინვესტს” მშვენივრად მოერგო სტეფანოვი, რომელიც გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურედ იქცა.
– ნამდვილად ასეა. იოვანი ძალიან კარგი, თავისი სიმაღლისთვის სწრაფი მოთამაშეა, რომელიც საკმაოდ კარგად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენი ოპონენტები აძლევენ. ქულა-მოხსნის დაგროვების გარდა, იგი დიდ “შავ” სამუშაოსაც ასრულებს და დაგვეთანხმეთ, რომ ამას მშვენივრადაც აკეთებს. სტეფანოვი პიროვნულადაც დიდი სიმპატიით სარგებლობს თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებში და მჯერა, რომ “ენერჯი ინვესტს” ამაზე დიდ სარგებელს მოუტანს.
– გუნდის ორი ახალწვეული, ბესიკ ლეჟავა და ზვიად ბაბიაშვილი, თავიანთ წინა გუნდებში (შესაბამისად, თსუ და “თბილავიამშენი”) გამოკვეთილი მექულეები, ლიდერები იყვნენ, რომლებიც საკმაოდ ძლიერ ინდივიდუალისტებად ჩამოყალიბდნენ, თქვენთან კი მათ პირველ რიგში, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე თამაში უწევთ. ხომ არ გაუჭირდათ ბესიკსა და ზვიადს “ენერჯი ინვესტთან”, მის მოთამაშეებთან საერთო ენის გამონახვა?
– არა, არანაირად არ გასჭირვებიათ. დავიწყოთ იმით, რომ ლეჟავას საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ. იგი ჩემთან ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან ვარჯიშობდა, ანუ იმ დროიდან, როდესაც “აკადემიის” მწვრთნელი ვიყავი. ბესოს მშვენივრად ვიცნობ, მასაც კარგად ესმის ჩემი და ამ მხრივ, საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირვეია. რაც შეეხება ბაბიაშვილს, ზვიადი ძალიან გამოცდილი მოთამაშეა და ხვდება, რომ “ენერჯი ინვესტი” პირველ რიგში, გუნდია. ბაბიაშვილს ჩვენთვის დიდი სარგებელი მოაქვს, თუმცა მასაც და ლეჟავასაც ბევრად უკეთ თამაში შეუძლიათ და დარწმუნებული ვარ, ამას გააკეთებენ კიდეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარია, შედეგი, ხოლო მოთამაშეთა ამ კონტინგენტით კი მაღალი შედეგისთვის ბრძოლა არათუ რეალური, არამედ აუცილებელიცაა.
– ბატონო დავით, წლევანდელი სუპერლიგის მთავარი აღმოჩენა რა ან ვინ არის?
– მთავარი მოვლენა “ვითას” დაბრუნებაა, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს ჩვენს ჩემპიონატს. “ვითა” ქართული კალათბურთის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.
– ამ ეტაპზე ვის შეიყვანდით პირველ სიმბოლურ ხუთეულში?
– უკანა ხაზი – გამყრელიძე და ტუღუში, ფორვარდები – სტეფანოვი და ბოისა, ხოლო ცენტრი კი გიორგი შერმადინი.
– და ბოლოს, თუ შეიძლება, სამი საუკეთესო მოთამაშეც დაგვისახელეთ.
– მესამე ადგილზე სტეფანოვს დავაყენებდი, მეორეზე – გიორგი შერმადინს, ხოლო საუკეთესო კი გამყრელიძეა.