ინტერვიუ ესპანური “პამესას” 17 წლის მოთამაშე თორნიკე შენგელიასთან

სულ რაღაც 17 წლისაა თორნიკე შენგელია და ის უკვე ესპანური პრიმერადივიზიონის ერთ–ერთი მძლავრი კლუბის ხუთეულში იმკვიდრებს ადგილს. წელიწადნახევრის წინ 15 წლის შენგელია ვალენსიურმა „პამესამ“ ახალგაზრდულ გუნდში აიყვანა, თუმც ქართველმა კალათბურთელმა იმხელა პროგრესი განიცადა, რომ დღეს უკვე მთლიანად ძირითად გუნდშია დაკავებული და ხუთეულსაც უშინაურდება. შენგელიას პროგრესი არც საქართველოში გამოჰპარვიათ და თორნიკე ეროვნული ნაკრების სრულუფლებიანი წევრი გახდა, რომელმაც ოფიციალურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში „ბრუესას“  წინააღმდეგ შენგელიამ „პამესას“ სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში, მოედანზე 23 წუთი გაატარა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკეს ორიოდ დღის წინ ესპანეთში შევეხმიანეთ და მასთან ინტერვიუც სწორედ ამ მატჩით დავიწყეთ.
 

შენგელია საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე
 
– ელოდი, რომ სასტარტო ხუთეულში მოგიწევდა თამაში?
– ზოგადად, ხუთეულში სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ, „ბრუესასთან“ მატჩის წინ კი, გასახდელში მწვრთნელი შემოვიდა და მითხრა, რომ ვითამაშებდი.
– ეს იყო ხუთეულში შენი მეორე თამაში ამ სეზონში. რას ფიქრობ, მეტოქის სისუსტის გამო ხომ არ მოგიწია თამაშმა?
– „ბრუესა“ სულაც არაა სუსტი, ამ გუნდთან პირველ წრეში 10 ქულა წავაგეთ. ახლა კი რევანში ავიღეთ.
– მოედანზე 23 წუთი გაატარე, რაც შენთვის სარეკორდოა „პამესას“ ძირითად გუნდში. საკუთარ თამაშზე რას იტყვი – კმაყოფილი ხარ?
– საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. იმას კი ვიტყვი, რომ მიღწეულით არ მკმაყოფილდები და მუდმივად პროგრესისთვის ვმუშაობ.
– მუშაობ და შედეგიც სახეზეა. თუნდაც ამ სეზონის წინ წარმოიდგენდი, რომ ვალენსიელთა ძირითადი გუნდის ხუთეულში დაიწყებდი თამაშს?
– ადვილად რომ არაფერი მოვიდოდა, ეს ვიცოდი, თორემ ფიქრით მხოლოდ საუკეთესოზე ვფიქრობ. ეს სულ მედო თავში, ჩემი მიზანი კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშია და მიხარია, რომ ამ მხრივ წინ მივიწევ.
– როგორ მოხდა „პამესას“ ახალგაზრდული გუნდიდან შენი ძირითადში დაწინაურება?
– მე ამ სეზონის დაწყებამდე ასაკობრივ გუნდში ვვარჯიშობდი და ესპანეთის ჩემს შესაბამის ასაკობრივ ჩემპიონატში ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, ვარჯიშებს და თამაშებს ესწრებოდნენ ძირითადი გუნდის მწვრთნელები და ჩემი მონდომებისა და ღმერთის წყალობით მათ ჩემი შრომა დააფასეს. გასულ შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ვალენსიაში რომ დავბრუნდი, დიდ გუნდში დამიბარეს სავარჯიშოდ.
– შეიძლება ითქვას, რომ შენს დაწინაურებას ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამაც შეუწყო ხელი?
– თავისთავად. ნაკრებში ტყუილად არავის იწვევენ, თანაც იგორ კოკოშკოვის ვარჯიშებმა ბევრი რამ შემძინა და ჩემს განვითარებას შეუწყო ხელი, რაც ესპანეთში მიბრუნებულს ძალიან გამომადგა. ამასთან, ნაკრების მატჩებში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
– შენი ასაკის ახალგაზრდა რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის გუნდის ხუთეულში გამოჩნდება, არ არსებობს, მისით საკალათბურთო აგენტები არ დაინტერესდნენ…
– მართალია, ესპანეთის ლიგიდან ყველაზე დიდი ნაკადი მიდის ნბა–ში და პროცენტულად ყველაზე მეტი აგენტი თუ სკაუტიც პრიმერადივიზიონის მატჩებს ესწრება. ჩვენც გვყავს ერთი გამორჩეული ბიჭი, ვიქტორ კლავერი, რომელიც ალბათ ნბა–ში გააგრძელებს კარიერას.
– მე შენზე გეკითხები, კლავერი ნაკლებად აინტერესებს ქართველ გულშემატკივარს…
– როგორც გითხარით, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მე ჩემს მახიმუმს ვეცდები და ვნახოთ, რა იქნება.
– მაშინ ის გვითხარი, თუ გაქვს ნბა–ში მოხვედრის სურვილი და შანსები?!
– შანსებზე ალბათ უფრო სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ და რაც შეეხება სურვილს, თუკი მაღალი დონის კალათბურთის თამაში მინდა, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში თამაშიც თავისთავად მენდომება.
– რომელ პოზიციაზე თამაშობ? საქართველოში უკანახაზელი იყავი. ბოლო თვეებში ტანი საგრძნობლად აიყარე, უკვე 207 სანტიმეტრი ხარ და ამ ამპლუაში თამაში სავარაუდოდ გაგიჭირდება…
– სიმაღლეს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ და ვცდილობ, ყველა ის კომპონენტი შევითვისო და დავხვეწო, რაც ნებისმიერი პოზიციის მოთამაშეს სჭირდება. გააჩნია, ვინ მიჭერს თამაშის დროს, მაღალი თუ შედარებით დაბალი კალათბურთელი. მე ორივეს წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვარ და ზუსტად ვერ გამოვარჩევ ჩემს პოზიციას. შემიძლია არაერთ რგოლში თამაში – როგორც წინა, ასევე შუა და უკანა ხაზში.
– მწვრთნელები რას გეუბნებიან, ასე წარმატებით რომ მიიწევ წინ?
– ბევრს არაფერს. თუკი კარგ რამეს გავაკეთებ, ზომიერად შემაქებენ და ეგაა. განსაკუთრებით, „პამესას“ მთავარი მწვრთნელი, ნევენ სპაჰიაა თავშეკავებული.
 

შენგელია “პამესას” მაისურით
 
– რა გითხრა სპაჰიამ ბოლო ტურის მატჩის შემდეგ?
– 2 სიტყვით შემაქო და ეგ იყო.
– „პამესას“ ასაკობრივ გუნდს შეეშვი?
– თითქმის შევეშვი. ვარჯიშებზე აღარ დავდივარ და როცა მცალია, შეიძლება ჩემპიონატის მატჩებში დავეხმარო – თუმცა, იშვიათად.
– წლეულს ეროვნულ ნაკრებს აგვისტოში აქვს მატჩები, შენ 18–წლამდელთა ნაკრებშიც გიწევს თამაში და რას ფიქრობ ამის შესახებ?
– ნამდვილად არ ვიცი, რა როგორ იქნება. ეს მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ. მე დიდი სურვილი მაქვს როგორც 18–წლამდელთა, ისე ეროვნული ნაკრების დახმარების.
– „პამესას“ შეკრება არ ემთხვევა ნაკრების თამაშებს?
– ემთხვევა და არ ვიცი რა იქნება. ჯერ ამაზე ფიქრი არ მინდა. იმედია, პრობლემას არ შემიქმნიან ვალენსიელები.
– კონტრაქტი როდის გიმთავრდება?
– ხელშეკრულება 2–წლიანია და მას ვადა 2010 წელს გასდის.
– სულ რაღაც 2 წლის წინ შენ საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში თამაშობდი და ისე წახვედი ესპანეთში, ეროვნულ ჩემპიონატში არც გითამაშია. როგორ მოხდა ეს?
– ფიბა–ს აგენტ ლევან მიქელაძის ორგანიზებით ბათუმში მოეწყო საკალათბურთო კემპი, რომლის გამარჯვებულიც, ანუ MVP,  ვალენსიურ „პამესაში“ წავიდოდა 5–დღიან სინჯებზე. ღმერთის წყალობით, ბათუმში მე გავიმარჯვე და ესპანეთშიც წავედი. იქ სამი დღე ვივარჯიშე ჩემი ასაკის გუნდში, ხოლო მომდევნო ორი დღე ვითამაშე. პირველი მატჩი მოვიგეთ და მე 22 ქულა მოვაგროვე, ხოლო მეორე ქულით წავაგეთ, მე კი 20 ქულა მქონდა. წამოსვლის დღეს გადაწყდა, რომ „პამესა“ დამიტოვებდა და ასე აღმოვჩნდი ამ გუნდში. ეს იყო 2007 წელს.
– საინტერესოა, სანამ ესპანეთში წახვიდოდი, საქართველოში ვისთან ვარჯიშობდი?
– ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ბატონი ნიკო ჩერქეზიშვილი. ვარჯიში მასთან დავიწყე, რის შემდეგაც უკვე ქალბატონი ნაირა შაკიაშვილი მწვრთნიდა. მოგვიანებით გადავედი ბატონ ზურაბ სამხარაძესთან, ხოლო ბოლოს მამაჩემი, კახა შენგელია მავარჯიშებდა.
– უკვე 2 წელია, ესპანეთში ხარ და მაქაურობას როგორ შეეჩვიე?
– საკმაოდ კარგად მოვერგე ესპანეთს. აქ ხომ არაერთი საქართველოს ნაკრების წევრი თამაშობს. უმაღლესი ლიგის მოთამაშეებს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ასაკის ქართველებიც არიან. ბექა ჩიკვილაძე და ჩემი თანამოსახლე გიორგი შარაბიძე.
– ეროვნული ნაკრების წევრებს თუ შეხვედრილხარ?
– ნიკა ცქიტიშვილი შემთხვევით ვნახე აეროპორტში და ძალიან გამეხარდა. ვლადიმერ ბოისა ვალენსიაში იყო სათამაშოდ ჩამოსული თავის „მენორკასთან“ ერთად, თუმცა მეორე წრეში მას ვეღარ შევხვდები – ხორვატიაში გადავიდა. ტაირონ ელისის გუნდთან მეორე წრეში ჯერ არ გვითამაშია, ხოლო პირველში მე არ ვიყავი.
 

შემონდ უილიამსი და თორნიკე შენგელია
 
– „ვალენსიაშია“ საქართველოს ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი შემონდ უილიამსი. მასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– საერთოდ, „პამესაში“ ყველას ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. ხშირად ხდება, რომ ყველანი ერთად მივდივართ გასართობად – ხან კინოში, ხან ბილიარდის სათამაშოდ ან კაფეში. შემონდი ძალიან კარგი ადამიანია და მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. ურთიერთობაშიც უშუალოა და მეგობრული. საქართველოზე როცა ვლაპარაკობთ, სულ იხსენებს ხაჭაპურს, ძალიან მოსწონებია და ახლა ენატრება ხაჭაპურის გემო.
– საქართველოს კალათბურთის ფედერაციის იმ საიტს, სადაც შენი ინტერვიუ გამოქვეყნდება, ბევრი შენი თაობის წარმომადგენელი სტუმრობს, რომლებთანაც ორიოდ წლის წინ საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდი. რას ეტყვი მათ?
– პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ 18–წლამდელთა ნაკრებში. მეც მათთან ერთად ვიქნები და მჯერა, რომ A დივიზიონის საგზურს მოვიპოვებთ. ისე კი, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ არ მოდუნდნენ და ბოლომდე, მთელი გულით ივარჯიშონ. არა აქვს მნიშვნელობა, რა დარბაზში ვარჯიშობთ, ან როგორ ფარში ესვრით ბურთს, ან რომელი ფირმის მაისური გაცვიათ. თუკი ბოლომდე დაიხარჯებით და მაქსიმუმს გააკეთეთ, არ არსებობს, რომ შრომა არ დაგიფასდეთ.