ინტერვიუ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანთან
საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით მოგვრილი სიხარული ჯერ ბოლომდე არც განელებულა. სულ მალე დაიწყება ახალი სეზონი და გახურდება ეროვნული თუ ასაკობრივი ჩემპიონატები. სწორედაც რომ დროა, გავესაუბროთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს…
– ნაკრები A დივიზიონში გადავიდა, რაც პასუხისმგებლობას გვმატებს. აუცილებელია საკალათბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება. როცა დარბაზში სინათლე, გათბობა და წყალი არ არის, შედეგზე ლაპარაკი ზედმეტია. რეგიონებში არაერთი დარბაზი გაკეთდა, თბილისში კი სავალალო მდგომარეობა გვაქვს. სადღეისოდ ერთადერთი სრულყოფილი არენაა – სპორტის სასახლე, თუმცა, ფინანსური თვალსაზრისით, ძნელია ყველა ასაკობრივი ტურნირის მასში ჩატარება… დარბაზების მოწესრიგების საკითხში მთავრობა გვედრში დაგვიდგა. უკვე შედგენილია აკადემიას არენის განახლების გეგმა. მოიმატებს ფართიც და მივიღებთ ევროსტანდარტების 1000-კაციან დარბაზს. – ვერის ბაღის დარბაზის საკითხი მთავრობასთან არ დააყენეთ?- თბილისის მერმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ვერის ბაღის არენის საქმეს გადახედავს… ასეთი დარბაზის მოცდენა ნამდვილად არ შეიძლება. გარდა ამისა, სპორტის სამინისტროს კუთვნილებაა სკა-ს დარბაზი, რომელიც მალე მართვის უფლებით კალათბურთის ფედერაციას გადმოეცემა. – როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება ამ დარბაზების რემონტი?- ვფიქრობ, მომავალი შემოდგომისთვის თბილისში სამი სრულყოფილი არენა გვექნება – აკადემია, სკა და სპორტის სასახლე. გადაწყვეტილი გვაქვს, რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის ფიბა-ში შეტანა. გვინდა, კადეტთა, ჭაბუკთა, ან ახალგაზრდების შესარჩევი ტურნირი თბილისში 2011 წელს ჩავატაროთ. საამისოდ, ფიბა-ს მოთხოვნით მინიმუმ ორი ნორმალური დარბაზია საჭირო…- აქვე აგრარული უნივერსიტეტის საშინაო არენაც ვახსენოთ…- გასულ სეზონში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების თითქმის ყველა შეხვედრა ამ დარბაზში ჩატარდა. მასში ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ოქტომბრისთვის მზად უნდა იყოს. აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სუპერლიგის საშინაო მატჩების სასწავლებლის დარბაზში მასპინძლობა სურთ. ამას ჩვენც მივესალმებით. – მივადექით სუპერლიგასაც. ჩემპიონატი როდის იწყება და მასში მონაწილეთა რაოდენობა თუ არის გარკვეული?- განაცხადების მიღების ბოლო ვადა 10 ოქტომბერია. 15-ში დუდუ დადიანის მემორიალი დაიწყება, ხოლო 25-ში სუპერლიგა. ჩემპიონატს შედარებით გვიან იმიტომ ვიწყებთ, რომ გუნდებმა მეტ-ნაკლებად კარგად ჩამოყალიბება მოასწრონ. დაისვა საკითხი ქუთაისსა და ბათუმში საკალათბურთო კლუბების სუპერლიგაში გამოსვლის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ორი საკითხი დადებითად გადაწყდება. დაინტერესებულნი არიან სამედიცინო ინსტიტუტის და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც. თსუ-სა და აგრარულ უნივერსიტეტს სუპერლიგაში წარმომადგენლები შარშანაც ჰყავდათ. – “ენერჯისა” და “ავიამშენის” საქმე როგორაა?- რუსთაველები შედარებით ახალგაზრდულ გუნდს გამოიყვანენ. “ავიამშენის” საკითხი ჯერ არ გარკვეულა. ცნობილია, რომ “მაკაბისა” და “დინამოს” დაახლოებით ისეთივე გუნდები ეყოლებათ, როგორც შარშან. არის ერთი სასიამოვნო სიახლეც – 14 სექტემბერს ვესაუბრე ჭიათურის წარმომადგენელს. ამ რაიონის გუნდიც უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. – საშინაო მატჩებს იმერეთში გამართავს?- არა. გუნდი ძირითადად თბილისელებით დაკომპლექტდება და თბილისში ითამაშებს. – შსს-მაც გააძლიერა შემადგენლობა…- ამასწინათ მათი დარბაზი ვნახე. ტრიბუნებიც კარგი აქვთ და ტაბლოს ჩამოტანასაც აპირებენ. საერთოდ, სახელმწიფოსგან სერიოზულ მხარდაჭერას ვგრძნობთ…- დარბაზები, სუპერლიგა… ახლა ბავშვთა კალათბურთზე ვთქვათ.- ცხადია, არც ამ სფეროში გაუმჯობესდება საქმე ხელის ერთი მოსმით. ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. როგორც იცით, სკოლებში არაერთ პიროვნებას აქვს გახსნილი კალათბურთის სექცია. საქმის ყურში კალათბურთის ფედერაციაც უნდა იყოს. ჩვენ არაფერს დავუშლით, უბრალოდ ვითანამშრომლებთ. საჭიროა ყველა მწვრთნელი თავის საქმეში კომპეტენტური იყოს. ყველას უნდა გააჩნდეს ლიცენზია. მალე ჩამოვიყვანთ სპეციალისტს, რომელიც სემინარებს ჩაატარებს. ასეთი ღონისძიება წელიწადში ორ-სამჯერ გაიმართება და ლიცენზიებიც გაიცემა. ვფიქრობ, დარბაზების საკითხის დადებითად გადაწყვეტა ბავშვთა კალათბურთზეც დადებითად იმოქმედებს. – რადგან პატარებზე ვსაუბრობთ, მოდით ჯერ საქართველოს კადეტთა ნაკრების გამოსვლა შევაფასოთ, შემდეგ ჭაბუკების და ახალგაზრდების. მათი გამოსვლით რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?- კმაყოფილი არ ვარ, რადგან უმცროსი ასაკის ვერც ერთი ნაკრები A დივიზიონში ვერ გადავიდა. კადეტებს, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს საკვალიფიკაციო ტურნირზე გამგზავრებამდე ერთი მიზანი დავუსახეთ: დიდი ნაკრებისთვის კადრების სათანადოდ მომზადება. 1993 წელს დაბადებულთა თაობაში ერთგვარი ჩავარდნაა და 16-წლამდელთა ნაკრებში ექვსი 1994-იანი იყო. ჰქონდათ ჩავარდნებიც, მაგალითად ფინეთთან, მაგრამ საბოლოოდ რამდენიმე კარგი თამაშის მოგება მოახერხეს და, ვფიქრობ, იმ ფონზე, რაც დღეს ბავშვთა კალათბურთში ხდება, მაქსიმუმი გააკეთეს. – ჭაბუკების გამოსვლაზე რას იტყვით?- მათგან მეტს ველოდი. თუმცა, ისიც მესმის, რომ 18-წლამდელები არასრული შემადგენლობით თამაშობდნენ. მათ აკლდათ თორნიკე შენგელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და რადგან ახალგაზრდების პირველობა გაცილებით ადრე იწყებოდა, ვიდრე ჭაბუკებისა, ამიტომ თორნიკემ 20-წლამდელებში ითამაშა. – ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?- მათ გიორგი შერმადინი აკლდათ, თუმცა პირველი ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად გადალახეს. 20-წლამდელებმა მაქსიმუმი გააკეთეს…- გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახეთ. თუ აქამდე ყოველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ წარუმეტებლობების მიზეზებზე ვლაპარაკობდით, ახლა წარმატების მიზეზებზე ვთქვათ.- ვფიქრობ, ელიტის საგზურის მოპოვება სწორედ ახლა კანონზომიერი იყო. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები წლიდან წლამდე იზრდებოდნენ და თამაშს აუმჯობესებდნენ. წლეულს გუნდი ყველანაირად მომწიფებული იყო და ამიტომაც გადავედით ელიტაში. თუმცა, დავძენ, რომ ისინი რთულ სიტუაციაში იყვნენ: მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ ოთხი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს, ისიც არასრული შემადგენლობით. ოფიციალურ ტურნირში შვედეთისთვის რომ გადაგვესწრო, საჭირო იყო ყველა მატჩის რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოგება. ლუქსემბურგის ნაკრები ექვსი წლის წინანდელთან შედარებით ძლიერი გუნდი გამოდგა, თუმცა, 42-ქულიანი სხვაობით მოგებით მაინც უკმაყოფილონი ვიყავით. ირლანდიამაც გვიჩვენა, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის. მასთანაც საკმარისი სხვაობით ვიმარჯვეთ.- სლოვაკეთთან 41 ქულიანი ფორა მოვიპოვეთ…- ამ შედეგმა ბევრი რამ გადაწყვიტა. შვედეთთან დიდი ფორა დავიბევეთ და სკანდინავიელებს ჩვენს გადასასწრებად ერთი გზაღა რჩებოდათ – თბილისში გამარჯვება. ამ შეხვედრისთვის ისინი კარგად მოემზადნენ, ძალიან ადრე შეიკრიბნენ და 9 საკონტროლო მატჩი ჩაატარეს, თუმცა მათთან საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საუკეთესო დაცვა ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ამასობაში ბელარუსმა სურპრიზი შემოგვთავაზეს – შვეიცარიასთან შინ წააგეს და პლეი ოფში მოედნის უპირატესობა დაგვითმეს. მათ შინ და გარეთ საოცრად განსხვავებული მატჩები ჩაატარეს. მოგილიოვოში 14-ქულიანი გამარჯვების შემდეგ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ელიტაში გადავიდოდით. დარბაზიც ზეიმისთვის იყო მზად, ბილეთები ორი დღით ადრე ბოლომდე გაიყიდა… კალათბურთელებსაც ერთი სული ჰქონდათ მატჩი მალე დასრულებულიყო. ამიტომ, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვსურდა, მაგრამ მთავარი მაინც გამარჯვება იყო. – წარმატებაში იგორ კოკოშკოვსაც დიდი წვლილი მიუძღვის.- იგი შესანიშნავად მოერგო საქართველოს ნაკრებს. თითოეულ კალათბურთელზე ამომწურავი მასალი შეაგროვა, მენტალიტეტი შეისწავლა და ბოლომდე გაუგო. სერბი სპეციალისტი მოედანზეც კარგად ხელმძღვანელობდა – ცდილობდა, რომ ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელები ბოლო წუთებისთვის შემოენახა. რაც მთავარია, ისინი მანამდე ისვენებდნენ და გადამწყვეტ მომენტში ენერგიაც საკმარისად ჰქონდათ. ამასთან, მწვრთნელი ყოველთვის ამბობდა – არავინ იცის, გუნდში მთავარი როლის შესრულება ვის როდის მოუწევს, ყველა მზად უნდა იყოსო. ამის მაგალითი კოტე ტუღუში გახლდათ, რომელმაც საკონტროლო მატჩები სრული დატვირთვით ითამაშა, ჯგუფურ ეტაპზე შეზღუდული დრო ჰქონდა, პლეი ოფში კი ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და დიდი დახმარებაც გაუწია. იგორ კოკოშკოვი ყველა საკითხს კომპლექსურად მიუდგა და ორი წლის განმავლობაში მეტად ბრძოლისუნარიანი გუნდი შეკრა.- იგი საქართველოს ნაკრებს გაისადაც ხომ გაწვრთნის?- გვქონდა 2+2 სახის კონტრაქტი. 2 წლის შემდეგ მისი გაწყვეტის უფლება მხოლოდ ფედერაციას გააჩნდა. ცხადია, ეს აზრადაც არ მოგვსვლია და იგორ კოკოშკოვი მომდევნო ორ წელსაც ჩვენს ნაკრებში გაატარებს. – გაისად რა მიზნებს დაისახავთ?- პირველ რიგში წილისყრის შედეგებს უნდა დაველოდოთ. საინტერესოა ვინ მოხვდება ჩვენს ჯგუფში. ელიტაში არის რამდენიმე ისეთი გუნდი, რომლებზე უკეთესი ნაკრებიც გვყავს. თუმცა, იტალიის სახით სერიოზული კონკურენტებიც არიან. გაისად გაცილებით ძლიერ ლიგაში ვითამაშებთ და პასუხისმგებლობაც უნდა გაორმაგდეს. ნაკრებს სათანადო შეკრებაც დასჭირდება. რაც შეეხება გულშემატკივარს, დარწმუნებული ვარ, თითოეულ მატჩზე დარბაზი გაივსება და დიდი შანსია, ყველა საშინაო შეხვედრის მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ. მანამდე კალათბურთელები კიდევ უფრო დაიხვეწებიან. არც ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და არც ასაკოვანი…