ინტერვიუ მანუჩარ მარკოიშვილთან

“აზოვმაშმა” მთელი სეზონი გაგვიმწარა
ბოლო წლებში თუ ვინმეზე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მოთამაშე სტაბილურობისა და დაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეულის მაგალითია, ეს პირველ რიგში მანუჩარ მარკოიშვილია, რომელიც უკრაინის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში “კიევის” ერთ-ერთ ლიდერად იქცა და გულშემატკივრებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სამწუხაროდ, “კიევმა” უკრაინის ჩემპიონატის ოქროს მედლები და ეროვნული თასი თავის ყველაზე პრინციპულ ოპპონენტს, ”აზოვმაშს” დაუთმო და უტიტულოდ დარჩა. სწორედ უკრაინაში გატარებულ სეზონსა და ასევე ულების თასზე “კიევის” გამოსვლაზე გავესაუბრეთ მანუჩარ მარკოიშვილს.

– მანუჩარ, პირველ რიგში, ფინალური სერია გავიხსენოთ. იყავით უპირობო ფავორიტები და მაინც დამარცხდით.- მთავარი ფაქტორი და მიზეზი ამისა იყო ის, რომ საკუთარ მოედანზე მეორე შეხვედრა დავთმეთ. სხვა მხრივ, ყველა წაგებული მატჩი ძალიან ცუდათ დავიწყეთ და ყოველთვის 10 და მეტი ქულის დეფიციტის ამოქაჩვა გვჭირდებოდა. ძალა არ გვეყო ბოლოში, თორემ შეიძლებოდა იმ სამი მატჩისა და შესაბამისად, მთელი სერიის მოგება.
– რეგულარულში ერთადერთი მატჩი დათმეთ “აზოვმაშთან” და იმ შეხვედრაში არც შენ გითამაშია და არც რაიან სტაკს. – რეგულარულში პირველი ტაიმი დავიწყეთ 6:2 უპირატესობით, მერე კი პირველი მეოთხედი საშინლად დავთმეთ. ზუსტად ისე, როგორც მერე ფლეი ოფში, ამჯერადაც მდევრის როლში ვიყავით და ბოლოში კვლავ ენერგია აღარ გვეყო. “აზოვმაში” სერიოზული გუნდია, რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავდა და დაფინანსებაც სოლიდური ჰქონდა, თანაც, ჩვენგან განსხვავებით “აზოვმაში” უფრო თავისუფლად თამაშობდა. “აზოვმაში” ჩემი აზრით, ჩვენზე მეტად შეთამაშებული გუნდიც იყო.
– თავისუფალი თამაში რაში გამოიხატებოდა?- მიჭირს კონკრეტული მიზეზის დასახელება, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი “კიევზე” უფრო თავისუფლად გადიოდა მოედანზე და უფრო ლაღ კალათბურთს თამაშობდა. ფსიქოლოგიური ზეწოლა ორივე გუნდს ჰქონდა და მას მერე, რაც “აზოვმაშმა” გასვლაზე ერთი მატჩი მოიგო, ფინალში უპირატესობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მოედნის, ჩვენი მეტოქის მხარეს გადავიდა.
– “აზოვმაშიდან” ფინალებში ყველაზე ბევრი პრობლემა პანაიოტის ლიადელისმა და იგორ მეშჩერიაკოვმა შეგიქმნათ, არა?- ლიადელისმა ყველა მატჩი არაჩვეულებრივად დაიწყო, თავიდანვე ბევრ ქულას აგროვებდა. “აზომაშში” ძალიან ბევრი კომბინაცია მასზეა აგებული და მსაჯებისგანაც “პატივისცემით” სარგებლობს, რადგან კალათბურთში დიდი ხანია და საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს. ასეთ ავტორიტეტს დამსახურება კი უნდა, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს მიუღებელია. რაც შეეხება მეშჩერიაკოვს, ოდნავ დაბალი რომ ყოფილიყო, სამ ნომერზეც თავისუფლად ითამაშებდა, ხოლო სამწამიანში კი თითქმის შეუჩერებელი იყო. თანაც, ჩვენთან, რაც კი ისროლა, თითქმის ყველაფერი ჩააგდო და საკმაოდ მაღალი პროცენტით შეასრულა ყველა სროლა. მას ან სტაკი იჭერდა, ან მარკო მარავიჩი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეშჩერიაკოვმა მაგრად ითამაშა. თუმცა ჩემი აზრით, “აზომაშს” მაინც ღობერტ არჩიბალდმა მოაგებინდა, რომლის წინააღმდეგაც თითქმის ყოველთვის ორმაგი მეურვეობის დაყენება გვჭირდებოდა. არჩიბალდმა დროული პასებიც არიგა, დაცვაშიც მაგრად იდგა, თანაც, ყოველთვის ზეხისტად თამაშობდა და ალბათ, დამსახურებულადაც მიიღო ფინალების საუკეთესო მოთამაშის ტიტული. მისი კარგი თამაში რომ არა, “აზოვმაში” ოქროს მედლებს ვერ მოიპოვებდა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენს მეტოქეს არ ჰყოლია ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ლიშჩუკი, რომელიც როდესაც მოედანზეა, მეშჩერიაკოვს სათამაშო დროს უნახევრებს.
– ფინალებში რატომ არ იყავი ისეთივე აქტიური, როგორც რეგულარულში?- ტრავმამ დიდი დრო გამომატოვებინა და აქედან გამომდინარე, მწვრთნელებიც ფიქრობდნენ, რომ ბოლომდე მზად არ ვიყავი. ძირითადად, დაცვაში თამაშზე მაკეთებინებდნენ აქცენტს. რეგულარულში ჩემზე კომბინაციებს მეტად ათამაშებდნენ, ხოლო ფლეი ოფში კი უკვე ნაკლებად მენდობოდნენ. თუნდაც, მესამე მატჩი ავიღოთ, როდესაც რამდენიმე სროლა გავაფუჭე და მერე გუნდიც სხვაზე აკეთებდა აქცენტს. იმ შეხვედრაში ქულაც კი ვერ დავაგროვე, თუმცა მიუხედავად ამისა, იმ მატჩის მოგება რეალური იყო. ბოლოში გუნდის კაპიტანმა დროზდოვმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა დ აიოლი სროლა ვერ გამოიყენა, თორემ მატჩს, მინიმუმ, დამატებით დროში გადავიყვანდით.
– გუნდის საბოლოო შედეგი როგორ შეაფასა ხელმძღვანელობამ?- რა თქმა უნდა, გაღიზიანებულნი იყვნენ, რადგან ვერაფერი ვერ მოვიგეთ. იყო თამაშები, როდესაც არაჩვეულებრივ კალათბურთს ვთამაშობდით, მაგრამ სპონსორებიც და საერთოდ, გუნდის ბედით დაინტერესებული ხალხიც უარყოფითად აფასებს საბოლოო შედეგს. ახლაც გაურკვეველია გუნდის მომავალი, რადგან არავინ იცის, თუ ვინ იქნება “კიევის” სპონსორი შემდეგ სეზონში. გუნდის მფლობელები უკმაყოფილონი იყვნენ მწვრთნელებით, მოთმაშეებით, რაც სავსებით გასაგები და მისაღებიაცაა.
– უშუალოდ შენი თამაში როგორ შეაფასეს გუნდის ხელმძღვანელებმა?- ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც კითხვაზე, თუ ვის დაიტოვებდით გუნდშიო, თავისთავად, დროზდოვის მერე მეორე ადგილზე გავედი, ხელმძღვანელებიდან კი არავის არაფერი უთქვამს. დროზდოვი გუნდის ყველაზე პოპულარული წევრია, ნაკრებშიც თამაშობს, საკმაოდ ეფექტური მოთამაშეა და გულშემატკივრებშიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს.
– მანუ, თქვენ უფრო სოლიდური შემადგენლობა გყავდათ თუ “აზოვმაშს”?- მთავარი შეცდომა, რაც დაუშვეს ხელმძღვანელებმა გუნდის დაკომპლექტებისას, სოლიდური, კარგი ცენტრის არშეძენა იყო. ჩამოვიყვანეთ ოთხი ოთხი ნომერი და არცერთი ცენტრი! უფრო ძვირიც დაჯდა მათი შენახვა და საბოლოოდ, “აზოვმაშთან” ალბათ, უცენტრობის გამო დავმარცხდით. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მიზეზი სწორე დეს იყო.
– მოდი, გავიხსენოთ ევროასპარეზზე თქვენი გუნდის ბოლო მატჩი, როდესაც ძირითადის დასრულებამდე იყო 9 წამი და ერთი ზუსტი სამიანის შემთხვევაში, შეხვედრა დამატებითში გადადიოდა.- ის შეხვედრა მე სათადარიგოებში დავიწყე და საკმაოდ კარგადაც ვითამაშე, თუმცა მსაჯმა სამი ჯარიმა ზედიზედ მომცა და როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ორჯერ შეცდა და მეორე დღეს ერთად ვუყურეთ შეხვედრას და მსაჯმაც მომიბოდიშა, ორჯერ შევცდიო. იმ მომენტში 1 წუთში 4 ქულა დავაგროვე დ აიმ ჯარიმებმა დრო მაგრად შემიკვეცა. ამან ჩემზეც იმოქმედა და საერთოდ, მთლიანად გუნდზეც. ძირითადის დასრულებამდე 9 წამით ადრე “ტუროვმა” საშუალო მანძილიდან ჩააგდო და სხვაობა 9 ქულა გახდა. საკუთარ მოედანზე 12 ქულით წავაგეთ და დამატებითში რომ გადაგვეყვანა მატჩი, მინიმუმ ასეთივე სხვაობით უნდა მოგვეგო. მაჰორიჩი იღებს წუთშესვენებას და ბოლო შეტევაზე შემადგენლობაში შემდეგი მოთამაშეები დააყენა – დროზდოვი, მარკუს ფეისონი, მე, პუ ჯეტერი და მარავიჩი. ოთხივე ვდგებოდით ფართან და ჯეტერს ერთი-ერთზე უნდა შეეტია, მერე უნდა ამოცწეულიყავით და ჯეტერს დროული პასით ვინმე უნდა მოენახა. ჯეტერმა პასის გაცემა ცოტა დააგვიანა, მე სწრაფად ამოვედი, მაგრამ ალბათ, სხვისთვის აპირებდა ბურთის გადაწოდებას, მერე გადაიფიქრა და ბურთი მომაწოდა. ოპონენტი ცრუ მოძრაობით ჰაერში ავწიე და ვისროლე, ბურთი რკალზე დატრილდა და სამწუხაროდ, არ ჩავიდა კალათში. რატომღაც მეგონა, რომ ამ მატჩში რაღაც განსაკუთრებული უნდა გამეკეთებინა. სამწუხაროდ, არ გამიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ ის როლა გავაფუჭე. მანამდე წამითაც არ გამიფიქრია, რომ ვერ ჩავაგდებდი ან პასი სხვისთვის უნდა გამეცა. უბრალოდ, ვისროლე და სამწუხაროდ, ვერ ჩავაგდე.
– მოდი, თასის ფინალიც გავიხსენოთ.- კიდევ ერთხელ მომიწევს იმის თქმა, რომ ცუდად დავიწყეთ და შემდგომში დიდიჰანდიკაპის აღმოხვრა გვჭირდებოდა. მწვრთნელიც იბნოედა. მერე, “აზოვმაშმა” რაც კი ისროლა პირველ მეოთხედში, მგონი მხოლოდ 2 სროლა ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის მერ ვაგებდით 13 ქულას, რის შემდეგაც სხვაობა 6 ქულამდე დავიყვანეთ, მაგრამ მერე “აზოვმაშმა” ორი მნიშვნელოვანი სამიანი ჩააგდო და წელში გაგვტეხა. ჯეტერმაც უდად ითამაშა და მწვრთნელმა სადღაც 10 წუთის განმავლობაში გამთამაშებლად მე დამაყენა. ამანაც ვერ გვიშველა.
– გამთამაშებლად ხშირად გიწევდა თამაში?- იყო შეხვედრები, როდესაც შეტევაშიც და დაცვაშიც პირველ ნომრად მე ვიდექი, თუმცა უფრო დაცვაში, რადგა შეტევაში მხოლოდ მაშინ ვიყავი ფლეიმეიქერი, როდესაც ჯეტერი ისვენებდა.
– დრაფტზე საკუთარი კანიდატურის გაყვანას არ აპირებ?- ალბათ, არა.
– შენს უახლოეს გეგმებში რა შედის?- ტრევიზოს კემპზე ჩავდივარ, სადაც ჩემს გარდა გიორგი ცინცაძე და გიორგი შერმადინიც იქნებიან. ამის შემდეგ, ვფიგრობ გავიკეთო ოპერაცია მარცხენა კოჭზე. მერე კი ნაკრების განკარგულებაში ვიქნები.