ინტერვიუ ნიკა მეტრეველთან

ევროლიგის გარდა, ყველაფერი მოვიგეთ
ქართულ კალათბურთში ბევრი ნიჭიერი ახალგარზდა მოთამაშე მოდის, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული ნიკა მეტრეველია. იტალიური “სინას” საკუთრება, მეტრეველი ბოლო წლებში პერმანენტულ პროგრესს განიცდის და სულ მალე, შესაძლოა თავისი გუნდის ძირითად ბირთვთან ერთად ვიხილოთ.
მეტრეველი საკმაოდ მაღალია, ცენტრზე მეტად მძიმე ფორვარდის ამპლუას ასრულებს და ქულა-მოხნასაც ბლომად აგროვებს. აღნიშნულ ინტერვიუში ნიკა განვლილ სეზონსა და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე საუბრობს.
დაიბადა: 1991.14.01სიმაღლე: 211 სმ.წონა: 97 კგ.პირველი მწვრთნელი: გელა წულაძე, ზაზა ზამთარაძე.გუნდები: სსუ, რიმინი (იტალია), სიენა (იტალია).კერპი: დირკ ნოვიცკი.ჰობი: კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტი.საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი.

– მოდი, ჯერ განვლილი სეზონი გავიხსენოთ. გახდით 19-წლამდელებში იტალიის თასის მფლობელი და მთლიანობაში, საკმაოდ კარგი სეზონი გამოგივიდა.- თავიდან “სიენას” ძირითად გუნდთან ერთად ვემზადებოდი, უნდა მეთამაშა ევროლიგაზე, მაგრამ მივიღე ორივე მუხლისა ტრავმა და ამის გამო ვერ მივიღე მონაწილეობა ამ დიდ ტურნირში. იქამდე მივიღე მონაწილეობა ძირითად გუნდთან ერთად ერთ ტურნირში, სადაც ორ შეხვედრაში მათამაშეს. ამის შემდეგ კი უკვე ძირითად გუნდთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ვვარჯიშობდი, ხოლო თამაში 17 და 19-წლამდელებთან ერთად მიწევდა. ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავედით და მთელი სეზონის განმავლობაში ერთადერთი შეხვედრა წავაგეთ. მოვიგეთ რამდენიმე ტურნირი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სან ლაზეროში გაიმართა და ამ შეჯიბრებაში ჩვენი ასაკის უკლებლივ ყველა გუნდი იღებდა მონაწილეობას. ეს იყო 17-წლამდელებში. ამის შემდეგ უკვე ვიგებთ იგივე ასაკში იტალიის თასს. რაც შეეხება 19-წლამდელებს, პიომბინოში ყველაზე წარმომადგენლობითი ტურნირი შედგა და ეს შეჯიბრებაც ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. სერბეთში 18-წლამდელების ევროლიგის შესარჩევ ეტაპზეც ვითამაშე, სადაც სამწუხაროდ, გამარჯვება ვეღარ მოვახერხეთ და მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავედით. ბოლოს კი მოვიგეთ “სკუდეტო”, ამჯერად 19-წლამდელებში. ასე რომ, მთლიანობაში საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი სეზონი გამოგვივიდა.
– პირადად შენს გამოსვლაზე რას იტყვი?- თავიდან საკმაოდ კარგად დავიწყე სეზონი, მერე კი სამწუხაროდ, ისევ და ისევ ტრავმების გამო, ფორმის აღდგენა გამიჭირდა და სტატისტიკაც გავიუარესე. მერე, უკვე ნელ-ნელა აღვიდგინე ოპტიმალური კონდიციები, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია და ეს ჩემს, პარალელურად კი გუნდის გამოსვლაზეც აისახა. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო შეხვედრა “ჩეჩინას” წინააღმდეგ 17-წლიანებში, სადაც 35 ქულა დავაგროვე და თუ არ ვცდები, 15 მოხსნითაც დავასრულე ის მატჩი.
– სერბეთში გამართულ საკვალიფიკაციოზე დიდი სათამაშო დრო გქონდა?- კი, მუდმივად სასტარტო ხუთეულში ვიყავი და საკმაოდ დიდი სათამაშო დროც მქონდა გამოყოფილი. სადღაც, 25-27 წუთს ვატარებდი მოედანზე, სტატისტიკის მხრივ კი საშუალოდ 17 ქულასა და 10 მოხსნას ვაგროვებდი. ცუდი სტატისტიკა არ არის, თუმცა უკეთ თამაშიც შემეძლო.
– რა იყო გუნდის წარუმატებლობის მიზეზი?- წარუმატებლობის მიზეზი იყო ის, რომ “ცრვენა ზვეზდასთან” თითქმის მოგებულ შეხვედრაში არ გაგვიმართლა. მივიღე მეხუთე პერსონალური შენიშვნა, შეხვედრის ბოლომდე კი სადღაც 12 წუთი იყო დარჩენილი. გამოგვაკლდა ასევე იტალიის ნაკრების ერთ-ერთი წევრი და ამან დიდი დარტყმა მოგვაყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვიგებდით და გაცილებით მაღალ ადგილსაც დავიკავებდით. მთავარი იყო იმ პირველი მატჩის მოგება, რომლის მერეც კიდევ ორი მატჩი მოვიგეთ, ბოლოში კვლავ დავმარცხდით და საბოლოოდ, მხოლოდ მეხუთე პოზიციაზე გავედით. ჩემპიონი ბელგრადის FMP გახდა, რომელმაც ფინალში “ლიეტუვოს რიტასს” მოუგო.
– “სიენასთან” რამდენწლიანი ხელშეკრულება გაქვს გაფორმებული?- რვაწლიანი.მომავალი სეზონიდან შესაძლოა, უკვე მთლიანად ძირითად გუნდთან ერთად ვიყო, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ კვლავ ასაკით უმცროსებში მომიწიოს გამოსვლა.
– შენს გარდა “სიენას” ძირითად გუნდში გადასვლის ყველაზე კარგი შანსი ვის გააჩნია?- დევიდ კორნუს, რომელიც არის განელი და დაბადებულია იტალიაში, აქვს იტალიური პასპორტი და საკმაოდ კარგ მსროლელადაც ითვლება. არის ათლეტური, ძალიან კარგი სროლის მქონე მოთამაშე. ჩემი აზრით, იგი უკვე მზად არის დიდებთან ერთად სათამაშოდ.
– შენ თუ ხარ მზად?- ბოლომდე მზად ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვარჯიშებზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ვახდენდი მწვრთნელებზე და ისინიც კმაყოფილნი იყვნენ.
– რა დრო დაგჭირდება იტალიის ერთ-ერთი გრანდის ძირითად გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად?- არ ვიცი. ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პროგრესსა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დროს ჯანმრთელობამაც უნდა შემიწყოს ხელი. ასე რომ, ვნახოთ, ყველაფერს ვიღონებ, რომ “სიენას” ძირითად გუნდში ადგილი დავიმკვიდრო.
– შენი ამპლუის მოთამაშეებიდან ყველაზე მეტად ვისი თამაში მოგწონს?- კშიშტოფ ლავრინოვიჩისა და რა თქმა უნდა, დირკ ნოვიცკის თამაშიც მომწონს. ორივე საკმაოდ მოძრავია თავისი სიმაღლისთვის, აქვს ძალიან კარგი კოორდინაცია, არაჩვეულებრივი სროლა და მოედნის ხედვა. ამერიკელებიდან ყველაზე მეტად კევინ გარნეტი მომწონს და მთელი გულით ვგულშემატკივრობდი “სელტიქსს” სუპერფინალში, თუმცა არ დაგიმალავთ და “ლეიკერსის” მოგებაც გამიხარდებოდა. ამ გუნდში ჩემს უდიდეს სიმპატიას კობი ბრაიანტი, ლამარ ოდომი და რა ღა თქმა უნდა, ფილ ჯექსონი იმსახურებენ.
– NBA-დან შემოთავაზება ხომ არ გქონია?- არა, ნამდვილად არ მქონია.
– საკუთარი კანდიდატურის დრაფტზე წამოყენებას თუ დააპირებ?- იმედი მაქვს, ამისი შანსი მომეცემა, თუმცა იქამდე “სიენაში” უნდა გამოვიჩინო თავი. რთულია, მოხვდე პლანეტის უძლიერეს ლიგაში და მანამდე ევროპაში ან რომელიმე სხვა კონტინენტის ლიგაში ბევრი არაფერი გქონდეს გაკეთებული.
– ახლოვდება 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფინალური ეტაპი. შენი აზრით, რა შანსები გააჩნია საქართველოს ნაკრებს?- ერთი დივიზიონით აწევის ძალიან კარგი შანსები გვაქვს. ორი წლის წინ, როდესაც 16-წლამდელთა ჩემპიონატზე ვთამაშობდით, მაშინდელზე გაცილებით კარგი გუნდი გვყავს და ჩემი აზრით, უნდა მოვხვდეთ ფინალში, რაც A დივიზიონში თამაშის უფლებას მოგვცემს. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, რომელთაგან თითქმის ყველამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. დაგვემატნენ კოკა ტომარაძე და თორნიკე შენგელია, ხოლო გიორგი შარაბიძე კი სულ სხვა, მაშინდელთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე თამაშობს. ასე რომ, ჩვენი ნაკრების შანსებს პოზიტიურად ვაფასებ.