ჩემმა მოთამაშეებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს
საქართველოსა და უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთა შეხვედრაში თავიდან უკრაინელები დომინირებდნენ, თუმცა მერე და მერე უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდ და საბოლოოდ, შეხვედრა მიხეილ კობეშავიძის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოლეგ რუბანს.
– თქვენი კომენტარი გუშინდელ შეხვედრაზე.- პირველ რიგში, შეხვედრა ჩემთვის მოულოდნელად წარიმართა, ანუ იმის თქმა მსურს, რომ გაცილებით უარესს მოველოდი, რადგან გუნდი მოედანზე თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში ჩამოვიდა. შეხვედრა კარგად დავიწყეთ, წინ გავედით, მაგრამ მერე და მერე ისევ და ისევ გადაღლილობის გამო ვეღარ გავძელით.
– პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგეთ, მაგრამ მერე მესამე მეოთხედში თამაშიდან 14-ში 2 სროლა გამოიყენეთ. ამის მიზეზი რა იყო?- ესეც მხოლოდ გადაღლილობის ბრალია. თანაც, ჩემმა მოთამაშეებმა სრულად არ შეასრულეს მწვრთნელის დავალება. გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში. საკმაოდ კარგი ნაკრები გყავთ. კონცეტრაცია დავკარგეთ – პირველ ტაიმში ბევრჯერ მოვიგეთ მეტოქის ფარი, რაც დიდი შესვენების შემდეგ ვაღარ გავაკეთეთ. ეროვნული გუნდი ეროვნული გუნდია და განურჩევლად ასაკისა, ყველამ ბოლომდე უნდა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ჩემმა მოთამაშეებმა ამის გაკეთება ვერ მოახერხეს.
– დიდი სხვაობაა საქართველოს ნაკრებსა და ერთი დივიზიონით მოთამაშე გუნდებს შორის?- სიმართლე გითხრათ, ბევრი გუნდის თამაში არ ვიცი, მაგრამ ვისიც ვიცი, დიდი სხვაობა ნამდვილად არ არის. დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან და ჩემი აზრით, ასეთ მატჩებში ყველაფერს წყვეტს გუნდური დისციპლინა, მოთამაშეების მონდომება და ერთიანობა. სამწუხაროდ, ერთხელაც მინდა გავიმეორო, რომ დიდი შესვენების მერე ამ კომპონენტებში აშკარად მოვიკოჭლებდით. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩებში უკრაინის ნაკრები გაცილებით მეტ ლტოლვას გამოავლენს.
– თქვენი გამთამაშებლების ანგარიშზე მეორე ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა იყო, გვეთანხმებით?- კი, ნამდვილად გეთანხმებით. გამთამაშებელი მოედანზე იგივე მწვრთნელია, რომელიც ყოველთვის უნდა ალაგებდეს თამაშს, წინ მიჰყავდეს გუნდი. მეორე ტაიმში ჩვენმა დაბლებმა პასიურად ითამაშეს და ბევრი შეცდომა დაუშვეს. დირიჟორი უნდა იყოს დირიჟორი და ბოლომდე გაუძღვეს გუნდის თამაშს, არ უნდა იღებდეს არალოგიკურ გადაწყვეტილებებს. ბურთი უნდა მიიტანო დანიშნულების ადგილზე სწრაფად და უშეცდომოდ. მათ, ანუ ჩვენმა გამთამაშებლებმა მეორე ტაიმში საკუთარი თავი დაკარგეს, რაც საბოლოოდ, ბევრ შეცდომასა და ჩვენი ნაკრების მარცხში აისახა.
– ვის გამოარჩევდით ჯერ თქვენი, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში?- მოდით, არავის არ გამოვარჩევ ჩვენს გუნდში, თუმცა თუ მაინც ვინმე უნდა გამოვყო, ეა არის ოლექსანდ ოსნაჩს, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში არ წამოეგო პროვოკაციას თქვენი 4 ნომრის მხრიდან და კაცურად დაასრულა მატჩი. ვერც თქვენს მოთამაშეს დავადანაშაულებ, რადგან ახალგაზრდა ბიჭია, სურდა ყველაფრის კარგად გაკეთება და ემოციები ვეღარ მოთოკა.
– ანუ, წმინდა სათამაშო კუთხით ვერავის გამოარჩევთ?- ჩემს გუნდში ცუდად არ უთამაშიათ დმიტრიენკოსა და ლებედინცევს. საერთოდ, ეს უკანასკნელი იუნიორთა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა და რომ არა მძიმე ავადმყოფობა, ეს ბიჭი ახლა საუკეთესო ფორმაში იქნებოდა და დამიჯერეთ, თქვენებს გაუჭირდებოდათ მისი განეიტრალება. თქვენს გუნდს რაც შეეხება, ათი ნომრით მოთამაშემ (ტომარაძე) მომენტებში არაჩვეულებრივი კალათბურთის დემონსტრირება მოახდინა და ცუდია, ტრავმამ მატჩი რომ არ დაასრულებინა. ბოლოში კარგი იყო ოთხი ნომრით მოთამაშე ბიჭიც (მეტრეველი), თუმცა დასაწყისში ბევრი არაფერი გაუკეთებია.
– ეს ის ნაკრებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს?- დაგვემატება რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ამინდს არ ქმნიან და არ არის გამორიცხული, მსაერთოდაც ვერ მოხვდნენ გუნდში. ანუ, ეს ის ბირთვია, რომლითაც ევროპაზე უნდა ვითამაშოთ. ჩვენთვის ნებისმიერი ტესტ-შეხვედრა დიდი მნიშვნელობისაა და გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრებთან ჩასატარებელი რამდენიმე მატჩია.