გოლიათებს ვეთამაშებოდით, წავაგეთ, მაგრამ თავს მოგებულებად ვგრძნობთ
ირანისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი ჩვენმა ბიჭებმა 93:81 მოიგეს, თუმცა აღნიშნულ შეხვედრამდე ქართველებს მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდათ, სხვაობა ალბათ, გაცილებით სოლიდური იქნებოდა. ჩვენმა სტუმრებმა თავიანთი მაქსიმუმი აჩვენეს და ხშირად აშკარად უმართლებდათ კიდეც, თუმცა რომ არა მატჩის ბოლოს ჩვენი უკანახაზელების რამდენიმე შეცდომა, მატჩი მინიმუმ 20-ქულიანი ჰანდიკაპით უნდა დასრულებულიყო.შეხვედრის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ ირანის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რეზა ნორის.
– პირველ რიგში, კარგ თამაშს გილოცავთ.- დიდი მადლობა, თქვენ კი მოგებას გილოცავთ.- შეგეძლოთ თუ არა უკეთ თამაში?- მგონი, უკეთ თამაში თქვენ შეგეძლოთ (იცინის), ჩვენ კი პირველი მატჩის კვალობაზე საკმაოდ კარგი კალათბურთი ვითამაშეთ. ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი მოიწამლა, ზოგმა აკლიმატიზაცია ცუდად გაიარა და პირველ ვარჯიშებზეც ისინი სრულად ვერ დავტვირთე. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. შეიძლება ითქვას, თავს მოგებულადაც კი ვგრძნობთ- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?- ძალიან ათლეტური გუნდი გყავთ. როდესაც ჩვენს ცენტრებს ვცვლიდი და დასვენების საშუალებას ვაძლევდი, სიმაღლეში სხვაობა ძალიან დიდი იყო. თითქოს გოლიათებს ვეთამაშებოდით, თუმცა დაგვეთანხმეთ, რომ ამის ფონზეც კი საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით. სხვათა შორის, ჩვენს შემადგენლობაში დღეს საუკეთესო სწორედ ის მოთამაშე იყო, რომელიც მოიწამლა, ცუდად გახდა ვარჯიშებზე და თითქმის არ უვარჯიშია. ემად სალმანიზე გესაუბრებით. – ქართველებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ?- მერვე ნომერი (რეზო დიდია) და ცენტრი, სასტარტოში რომ გეყენათ (გიორგი შერმადინი). კიდევ სასტარტოს გამთამაშებელი (გიორგი გაფრინდაშვილი).- საქართველოზე რა აზრის ხართ?- ირანის დარად, თქვენთანაც მაგრად ცხელა, თუმცა ამას შეჩვეულები ვართ. ირანში ამაზე გაცილებით მაღალი ტემპერატურაა ხოლმე. ისე კი, ქალაქის დასათვალიერებლად დრო ნაკლებად გვრჩება, ძირითადად ვარჯიშებსა და სასტუმროში ვართ. თანაც, ბიჭებს მაქსიმალურად ვტვირთავთ და დასვენება სრულფასოვანი უნდა გამოუვიდეთ. ასე რომ, იმედი მაქვს, თბილისს მერე და მერე უკეთ შევისწავლით.