ნიკოლოზ ცქიტიშვილის ბრწყინვალე დებიუტი ირანის ჩემპიონატში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა „მაჰრამში“ პირველი შეხვედრა გამართა და თავის გუნდს „შირაზის“ დამარცხებაში დაეხმარა. ქართველმა ლეგიონერმა ორმაგი დუბლი შეასრულა, მაჰრამელებმა კი მეტოქე 85:71 დაამარცხეს.
ცქიტიშვილი, რომელსაც „მაჰრამში“ 11–ნომრიანი მაისურა მისცეს, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საბოლოოდ მან 24:40 წუთი ითამაშა და 17 ქულასთან ერთად 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 11-დან 6 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მაჰრამელთა შემადგენლობაში საუკეთესო მეჰდი ქარმანი გახდა, რომელმაც 11 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 31 ქულა დააგროვა.
მაჰრამელთათვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მეოთხე მატჩში. ანალოგიური შედეგი აქვთ კიდევ ორ გუნდს, რომლებიც “მაჰრამთან” ერთად ირანის ჩემპიონატს ლიდერობენ.