ირლანდიელებს ყველაზე მეტად საკუთარი კედლების ეიმედებათ

ხვალ საქართველოს ნაკრები დუბლინში ირლანდიას ეთამაშება და ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან პრინციპულია. ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანიზაცია ფიბა–ევროპას ოფიციალურ ვებ–გვერდზე(www.fibaeurope.com) გამოქვეყნდა ირლანდიელთა სამზადისის შესახებ მცირე სტატია, სადაც კელტების მოთამაშე მწვრთნელ ჯეი ლარანაგას კომენტარებიცაა მოყვანილი. ცხადია, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს წერილი საინტერესო უნდა იყოს და ჩვენც მის თარგმანს გთავაზობთ

ირლანდიელთა მოთამაშე მწვრთნელი ჯეი ლარანაგა
 
ირლანდიელთა მოთამაშე მწვრთნელი ჯეი ლარანაგა იმედოვნებს, რომ შინაური კედლების ფაქტორი უმნიშვნელოვანესი იქნება მისი გუნდისთვის, რომელიც ოთხშაბათს ევროსაკვალიფიკაციო B დივიზიონში საქართველოს მასპინძლობს. ირლანდიამ გასულ შაბათს 63:82 წააგო შვედეთში, მაგრამ ამჯერად კელტებს მათდამი გულთბილად განწყობილ არენაზე მოუწევთ თამაში.
 
„ჩვენ უნდა დავივიწყოთ შაბათს განცდილი მარცხი და სრული კონცენტრაცია მოვახდინოთ საქართველოსთან შეხვედრაზე – ამბობს ლარანაგა – შვედეთთან მატჩის მსვლელობისას იყო რამდენიმე ჩვენთვის სასიკეთო მომენტი, ეპიზოდებში კარგად მიგვდიოდა თამაში, მაგრამ ბოლოს წავაგეთ“.
 
შვედეთთან მატჩის მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე თავად ლარანაგას მიერ ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ ირლანდია 45:49 მიუახლოვდა მასპინძლებს, მაგრამ შვედეთმა ბოლო ათწუთეული 31:18 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებაც მას დარჩა.
 
“მოსამზადებელ პერიოდში ჩვენ რამდენიმე კარგი ამხანაგური მატჩი გავმართეთ მშობლიურ არენაზე და იმედი მაქვს, გულშემატკივარი მოვა და მხურვალედ გვიქომაგებს. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და კარგ წარმოდგენასაც ვუჩვენებთ“ –აცხადებს ირლანდიელთა 33 წლის მოთამაშე მწვრთნელი