ისტორიული ბრინჯაო: „ტყიბულის ორბმა“ სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!

ისტორიული ბრინჯაო: „ტყიბულის ორბმა“ სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებას პირველი პრიზიორი ჰყავს. „ტყიბულის ორბმა“ ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიგო. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში გამართულ მესამე ადგილისთვის მატჩში მასპინძელი „ქუთაისი“ 86:80 (სტატისტიკა) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად, სუპერლიგის საპრიზო ადგილი დაიკავა.

შეხვედრა თავიდანვე უაღრესად დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი ტყიბულელთა მცირე უპირატესობით დაიწყო და მათივე გამარჯვებით, 28:25 დასრულდა. მეორე პერიოდში ინიციატივას უკვე იმერული კლუბი დაეუფლა — კოტე ტუღუშის შეგირდებმა მეოთხედი 21:15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე „ქუთაისი“ 3-ქულიანი ლიდერობით გავიდა (46:43).

მატჩის გარდატეხა მესამე პერიოდში დაიწყო, სადაც „ორბმა“ დაცვა გააძლიერა, მეტოქეს მხოლოდ 15 ქულა ჩააგდებინა, თავად 19 მოიპოვა და ბოლო გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ანგარიში გაათანაბრა — 62:62.

გადამწყვეტი გამოდგა ბოლო პერიოდი, რომელიც „ორბმა“ 24:18 მოიგო. მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში (63:63) ფიქსირდებოდა. ამ დროს ბექა ლომაშვილმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, რასაც მოგვიანებით ილია ლონდარიძის ორი ზედიზედ შორეული ტყორცნა და ლარი ოსტინის ზუსტი ორქულიანი მოჰყვა, რამაც „ორბი“ 6 ქულით წინ გაიყვანა (82:76). საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ბექა ლომაშვილმა ორივე საჯარიმო ცივსისხლიანად გამოიყენა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა — 86:80 ტყიბულელთა სასარგებლოდ.

„ორბის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც მოედანზე გატარებულ 22 წუთში უმეტესი მარგი ქმედების კოეფიციენტი (25) დააფიქსირა. მან გუნდს 24 ქულა და 6 მოხსნა შესძინა (5-დან 3 სამქულიანი). შედეგიანი იყო ნიკოლოზ თოთლაძე (11 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა) და შონ მური, რომელმაც 15 ქულასთან ერთად 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.

„ქუთაისის“ მხრიდან მოედანზე ნამდვილი ფურორი მოახდინა ტაირი ბოიკინმა. მან თითქმის შეუცვლელად ითამაშა (36 წუთი), ფანტასტიკური 38 ქულა და 5 პასი დააგროვა (ეფექტურობა 36), თუმცა მისი ეს სუპერ-თამაში გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მას სოლიდურად დაეხმარა გიორგი სულაბერიძე 11 მოხსნითა და 8 ქულით.

მატჩის შემდეგ ორბის გუნდის წევრები ბრინჯაოს მედლებითა და შესაბამისი სიგელით დააჯილდოვა კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა.