იტალიაში კალათბურთი განახლდა

იტალიაში კალათბურთი განახლდა

საშობაახალწლო შესვენების შემდეგ საქმეში კვლავ ჩერთვნენ იტალიის ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველები. სერია A-ს მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმაც“ ითამაშა და მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმაც“. თუმც – ორივემ წარუმატებლად.
 

უტევს ვიქტორ სანიკიძე
 
ბოლონიელებმა გათამაშების ცხრილში მეზობლად მყოფ “ბიელასთან” წააგეს – 75:80. თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში, სტუმრები მცირე სხვაობით წინ იყვნენ. ბოლო მეოთხედსაც ისინი მინიმალური უპირატესობით შეხვდნენ, მაგრამ გადამწყვეტ ათწუთეულში, ანგარიშში ლიდერობა ვეღარ შეინარჩუნეს და მიმდინარე ჩემპიონატში მეშვიდედ დამარცხდნენ.
ვიქტორ სანიკიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 18 წუთი გაატარა. დროის ამ მონაკვეთში მან 5 ქულისა (1-დან 1 2-ქულიანი, 1-დან 0 3-ქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო) და 3 მოხსნის გაკეთება შეძლო.
13 ტურის შემდეგ, “ვირტუსს” 6 მოგება და 7 მარცხი აქვს და და კიდევ 6 გუნდთან სერია A-ს გათამაშების ცხრილში, VI-XII ადგილებს ინაწილებს.
 
ბოლო ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუც” დამარცხდა, მაგრამ მისი გუნდი გაცილებით უკეთეს სიტუაციაშია. ქართველის “კანტუ” სადღეისოდ, 9 მოგებითა და 4 წაგებით მესამე ადგილზე იმყოფება. მეოთხე მარცხი მანუს გუნდმა “სკავოლინისთან” გასვლით შეხვედრაში იწვნია – 75:76. ქართველ კალათბურთელს კი, ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
 
ესტონეთის ჩემპიონატში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს გიორგი ცინცაძის “როკი”. საქართველოს ნაკრების ძირითადი გამთამაშებლის გუნდმა, გუშინ ყოველგვარი სირთულის გარეშე, მისსავე მოედანზე “ვორუ” 134:62 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მოედანზე უჩვეულოდ ცოტა დროის გატარება მოუწია და შესაბამისად, მონაგარიც მოკრძალებული ჰქონდა – 9.28 წუთში, ცინცაძემ 3 ქულა (3-დან 1 3-ქულიანი) და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მატჩის გმირი კი, “როკის” მთავარი სნაიპერი, რეინ ვეიდმანი გახდა, რომელმაც 27 წუთში 40 ქულის მოპოვება მოახერხა.
17 ტურის შემდეგ, ტარტუელებს 16 გამარჯვება აქვთ და ისინი ესტონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ .