იტალიაში პლეი ოფი იწყება: სანიკიძე მარკოიშვილის წინააღმდეგ

საინტერესოდ დასრულდა იტალიის რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო ტურში მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ ისვენებდა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“ მოსალოდნელი მარცხი განიცადა სიენაში, მთელს ლიგაზე ერთი თავით მაღლა მდგარ „მონტეპასკისთან“ (66:87). შესაბამისად, ცხრილში ისე გადანაწილდა ადგილები, რომ ქართველების გუნდები ერთმანეთს პლეი ოფის პირველ რაუნდში შეხვდებიან.
პლეი ოფში მოწინავე 8 უნდი გავიდა.დაწყვილება ტრადიციული იყო – რაც უფრო მაღლა დაასრულა გუნდმა რეგულარული, პლეი ოფში მით უფრო დაბლა მყოფ გუნდს ხვდება. პირველი მერვეს, მეორე – მეშვიდეს და ასე შემდეგ. ქართველების გუნდები კი შუაში არია: IV-V ადგილებზე და შესაბამისად, მეოთხედფინალურ სერიაშიც შეერკინებიან ერთმანეთს. მოედნის უპირატესობა მარკოიშვილის „კანტუს“ ექნება, რომელმაც IV დაიკავა. სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.
ბოლო ტური საკმაოდ ბარაქიანი გამოდგა სანიკიძისთვის. მან ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 34 წუთში 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. სანიკიძემ 6–დან 5 ორქულიანი, 1–დან 1 სამიანი და 7–დან 3 საჯარიმო ჩააგდო და მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა.
„კანტუსა“ და „კანადიან სოლარს“ შორის საპლეიოფო მატჩები 20, 22, 24 და თუ საჭირო გახდა, 26 და 28 მაისს გაიმართება.
 

ვიქტორ სანიკიძეს სიენელი შონ სტოუნრუკი ეღობება