იტალიის სერია A
ეგრედ წოდებული „ქართული დერბი“ შედგა იტალიაში, სადაც მორიგ ტურშ ერთმანეთს მანუჩარ მარკოიშვილის „კანტი“ და ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ შეხვდნენ. იყო ალბათობა, რომ მანუჩარს ამ მატჩში არ ეთამაშა, რადგან მან ბოლო 2 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა მარკოიშვილი მოედანზე გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 13 წუთს ითამაშა, თავისიანებს გვარიანი დახმარება გაუწია.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ კანტუელთა გამარჯვებით – 80:76 დასრულდა. მარკოიშვილმა 13 წუთში 4 სამქულიანიდან 2 ჩააგდო, ხოლო 4 ორიანიდან 1 მოათავსა ბოლონიელთა კალათში. მანუჩარმა 2–დან 2 საჯარიმოც ჩააგდო და მოედანი 10 ქულით დატოვა, რასაც 1 მოხსნა მოაყოლა.
სანიკიძემ 22 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან საუკეთესო მომხსნელი გახდა. მან 9 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა. ვიქტორმა 5–დან 2 ორქულიანი და 3–დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 6ქულას დასჯერდა. მის ანგარიშზე 1 პასი და 1 დაფარებაც იყო.
ამ შედეგის შემდეგ ქართველების გუნდები ქულებით ისევ გათანაბრდნენ. ისინი კიდევ 3 გუნდთან ერთად 2–6 ადგილებს იყოფენ.
ესპანური პრიმერადივიზიონი
მორიგ ტურში ნიკა ცქიტიშვილის „ფუენლაბრადა“ სტუმრად „გრანადასთან“ 75:86 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 12,44 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანიც იყო. ნიკამ 4 სამქულიანი ცდიდან 2 ჩააგდო, ხოლო საშუალო დისტანციიდან და საჯარიმოს ხაზიდან ერთნაირი სამიზნე გამოიჩინა: 2–დან 1 ჩააგდო.
ამ წაგებამ „ფუენლაბრადა“ საპლეიოფო ზონას დააშორა. მომდევნო ეტაპზე 8 საუკეთესო გუნდი გადის, „ფუენლაბრადა“ კი ახლა მე–13 ადგილზე იმყოფება.
ხორვატიის ჩემპიონატი
ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ უშუალო კონკურენტი „ციბონა“ 74:68 დაამარცხა და ხორვატიის ჩემპიონატს უდანაკარგოდ ლიდერობას. ზადარელებს 6–დან 6 გამარჯვება აქვთ, ხოლო მეორეზე მყოფ ციბონელებს უკვე მეორე მარცხი შეემთხვათ.
ბოისამ 37 წუთს ითამაშა და თავისიანებს 5 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი შეაწია. 8 მოხსნა საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ ზადარელთა გუნდში.