პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წარმომადგენელმა, ილიას ზუროსის ასისტენტმა იურიცა გოლემაცმაშემდეგი კომენტარი გააკეთა:
– ეს იყო ახალი სისტემის, ახალი მწვრთნელის პირველი მატჩი და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. როგორც აქამდე ითქვა, განსაკუთრებით დაცვაში შეიცვალა ბევრი რამ და ვფიქრობ, კალათბურთელები კარგად იაზრებენ, რას ითხოვენ მწვრთნელები. ცხადია, შეცდომებიც იყო, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ ეს გახლდათ ჩვენი პირველი მატჩი მიმდინარე სეზონში. თამაშიდან თამაშამდე შეცდომების რაოდენობა უნდა შევამციროთ. – პორტუგალიასთან მატჩმაც დაგვანახა, რომ კალათბურთელები ფიზიკურად თავს კარგად გრძნობენ, რადგან აქამდე დიდი დრო დავუთმეთ ფიზიკურ მომზადებას. – მეტოქემ ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო, ვინაიდან პორტუგალიელებმა ეს თამაშის დასაწყისში გააკეთეს. შემდეგ, მწვრთნელთა მითითებისა და ჩვენი კალათბურთელების გააზრებული მოქმედების შედეგად მოწინააღმდეგეს შორეული ტყორცნების თავისუფლად შესრულების საშუალება აღარ მისცემია. – წინ კიდევ უფრო რთული მატჩები გველის. მიმაჩნია, რომ რუსეთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია და სწორედ მოსკოვში, მასპინძლებთან და ბელარუსებთან მატჩში გამოჩნდება სად ვართ დღეს. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრის მოგება გვსურს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე მაინც თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.