საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა ჯეიკობ პულენმა თავისი ბომბარდირული თვისებები სრულად წარმოაჩინა. ბოლონიური „ოკნოპლასტის“ უკანახაზელმა სერია „ა“-ს მორიგი ტურის ყველაზე დაძაბულ და თვალსასეირო მატჩში თავი გამოიჩინა – 37 წუთში 38 ქულა ჩააგდო.
ბოლონიელებმა „დინამო სასარის“ უმასპინძლეს. უაღრესად დაძაბული და შედეგიანი მატჩის ძირითადი დრო 102:102 დასრულდა, ხოლო დამატებით 5-წუთეულში სტუმრებმა იძალეს. საბოლოოდ „სასარიმ“ 120:110 იმარჯვა.
პულენი სასტარტო ხუთეულში იყო და 17-დან 10 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. 38 ქულასთან ერთად პულენმა 3 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა და არათუ ამ მატჩის, მთლიანად, სერია „ა“-ს გასული ტურის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
9 მოგებითა და 19 მარცხით ბოლონიური კლუბი 16-გუნდიან სერია „ა“-ში მე-15 ადგილზეა და უმაღლესში დასარჩენად დიდი ძალისხმევა მოუწევს.
ვერ ითამაშა სიენელმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელსაც ტრავმა აწუხებს და „ვენეციასთან“ მატჩის განაცხადში არ იყო. „სიენამ“ დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 დაამარცხა მეტოქე და ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ „მილანს“ გაუთანაბრდა.