კადეტთა ნაკრები ჯგუფში დარჩა და ახალ ბრძოლაში ებმება

იტალიაში მიმდინარე ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე საქართველომ მესამე მატჩიც წააგო, ამჯერად რუსეთთან 60:69 და ახლა B დივიზიონში დასარჩენად სხვა ჯგუფებში ჩარჩენილ ნაკრებებთან მოუწევს ბრძოლა. გელა წულაძის გუნდის ბედი რუსებთან თამაშამდე გარკვეული იყო. ჩვენებს რომც მოეგოთ, ჯგუფიდან ვერ გადიოდნენ, რადგან მესამეზე მყოფ ისრაელთან პირადი შეხვედრა წაგებული ჰქონდათ.

შეტევაზეა კახაბერ მუმლაძე
მიუხედავად ამისა, ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის მძლავრ გუნდს. რუსებმა ჯგუფის პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოუგეს ისრაელისა და საფრანგეთის ნაკრებებს და ქართველებთანაც იოლ გასეირნებას ელოდნენ. მართალია, წულაძის გუნდი თავიდანვე 10 ქულით ჩამორჩა, მაგრამ მერე ძალა მოიკრიბა და პირველი მეოთხედი 13:16 დათმო.
მეორე ათწუთეულში მერაბ ბოქოლიშვილმა იაქტიურა და მისი დამსახურებით ქართველებმა ლიდერობასაც გამოჰკრეს ხელი. პირველი ტაიმი წულაძის გუნდმა 30:26 მოიგო და მერე რუსების ჯერი დადგა. დმიტრი კულაგინმა მეორე ტაიმიდან მოუმატა და იმდენი ბურთი ჩაგვიგდო, სანამ რუსებმა 10-ქულიან ლიდერობას არ მიაღწიეს: 44:34.
ქართველებმა ერთხელაც გამოავლინეს მებრძოლი სული და რუსები მესამე მეოთხედის დამთავრებამდე ჩამოიტოვეს. ისევ მერაბ ბოქოლიშვილმა იყოჩაღა, რომელიც 21 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მის გარდა ვერც ერთი ქართველი ათქულიან ზღვარს ვერ ასცდა.
თუმცა გადამწყვეტ მეოთხედში ბოქოლიშვილსაც და დანარჩენ ქართველებსაც ხელი მოეცარათ. მერაბმა ბოლო მეოთხედში ქულა ვეღარ შეიმატა, საქართველოს ნაკრებმა კი თამაშის ბოლო წუთები მშრალად ჩაამთავრა. საფინალო სირენამდე  4 წუთით ადრე წულაძის გუნდი 60:59 იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში მეტოქეს ბურთი ვეღარ ჩაუგდო და საბოლოოდ 60:69 წააგო.
საქართველოს A დივიზიონში დარჩენის შანსი კიდევ აქვს.  ჯგუფებში ჩარჩენილები ევროპის ჩემპიონატის 13-16 ადგილებს გაითამაშებენ და ყველაზე ცუდი შედეგის მქონე 2 გუნდი ელიტას დატოვებს. ამჯერად ქართველების მეტოქეები უნგრეთის, იტალიისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.
19 აგვისტო
იტალია – საქართველო
21 აგვისტო
საქართველო – უნგრეთი
23 აგვისტო
პოლონეთი – საქართველო